პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის მონეტები მოიჭრა

20 დეკემბერი 2021

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის სამახსოვრო მონეტები მოჭრა და მიმოქცევაში გაუშვა.

ირკვევა, რომ ნუმიზმატებისთვის დამზადდა 10 მონეტისგან შემდგარი ნაკრები. ოთხი მონეტა ოქროსგან არის დამზადებული, დანარჩენი ექვსი - ვერცხლისგან. ეს სამახსოვრო მონეტები ამავე დროს ოფიციალური გადახდის საშუალებაცაა და ჩინეთის ნებისმიერ ფინანსურ დაწესებულებაში მიიღებენ.

ძვირფასი ლითონისგან დამზადებული მონეტის ავერსზე გამოსახულია XXIV ოლიმპიური თამაშების ოფიციალური ემბლემა, რომელზეც ასევე ამოტვიფრულია ჩინეთის დიდი კედელი და ფიფქი. რევერსზე დატანილია ზამთრის სპორტის ცალკეულ სახეობათა პიქტოგრამები და შეჯიბრებათა თილისმები.

გარდა ამისა, ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა ქვეყნის მოსახლეობისთვის საჩუქარი გააკეთა და მათთვის სპილენძის შენადნობისგან დამზადებული ოლიმპიური მონეტები მოჭრა.