საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია და 2021 წლის სპორტული შედეგებით საუკეთესოთა დაჯილდოების ცერემონიალი

24 დეკემბერი 2021

დღეს სასტუმრო ,,ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში\" გაიმართა სეოკ-ის საანგარიშო სესია და 2021 წლის სპორტული შედეგებით საუკეთესოთა დაჯილდოების ცერემონიალი.

სესიაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.

სესიის დელეგატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 2021 წელს გარდაცვლილ სპორტულ მოღვაწეთა ხსოვნას.

დამსწრე საზოგადოებას სეოკ-ის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში წარუდგინა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა. როგორც მან აღნიშნა, ეს იყო ურთულესი წელი, რადგანაც გლობალურმა პანდემიამ მნიშვნელოვნად შეაფერხა სპორტული ცხოვრება. საბედნიეროდ, მიუხედავად პრობლემებისა და უპრეცედენტო გამოწვევებისა, ოლიმპიური თამაშები შედგა, რაც იმას ნიშნავს, რომ მრავალსაუკუნოვანი ოლიმპიური ისტორია გრძელდება.

გრძელდება საქართველოს ოლიმპიური გამარჯვებების ისტორიაც: ერთი წლით გადავადებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშები წარმატებული გამოდგა ჩვენი სპორტსმენებისთვის - 2 ოქროს, 5 ვერცხლის,1 ბრინჯაოს მედალი და 33-ე ადგილი საერთო გუნდურ ჩათვლაში. ამ მაჩვენებლებით საქართველომ გაუსწრო არაერთ ჩვენზე გაცილებით მრავალრიცხოვან და ეკონომიკურად დაწინაურებულ ქვეყანას, მათ შორის - ჩვენი რეგიონის ქვეყნებს. ამავე დროს, საქართველომ გააუმჯობესა ყველა ადრინდელი შედეგი - ოლიმპიურ თამაშებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მანძილზე ჩვენ პირველად მოვიპოვეთ 8 ოლიმპიური მედალი.

მომხსენებელმა დელეგატებს შეახსენა, რომ ლიცენზიის მოპოვების პროცესში ჩართული იყო 17 სპორტული ფედერაცია. საბოლოოდ, ქართველმა სპორტსმენებმა აიღეს 35 ლიცენზია სპორტის 11 სახეობაში, უშუალოდ თამაშებში კი მონაწილეობა მიიღო 33-მა ჩვენმა ოლიმპიელმა.

ფაქტიურად, ყოველი მეოთხე ჩვენი ოლიმპიელი მედალოსანი გახდა, რაც ერთი-ერთი საუკეთესო შედეგია სხვა ქვეყნების მონაცემებთან შედარებით.

ლერი ხაბელოვმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სახელით ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა ჩვენს სპორტსმენებს, მწვრთნელებს, ექიმებს, ტექნიკურ პერსონალს, სპორტული ფედერაციებისა და უწყებების, ხელისუფლების წარმომადგენლებს, სეოკ-ის გენერალურ სპონსორს და სხვა პარტნიორებს, სპორტულ მედიას, ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ დიდ საერთო საქმეში.

როგორც სეოკ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, სულ უფრო იზრდება ქართული სპორტის მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. რომ არა სპორტის განვითარებისთვის გაღებული სოლიდური სახელმწიფო სუფსიდიები, სპორტის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის, წარმატებული სპორტსმენებისა და გუნდების სტიმულირებისთვის, სხვა მნიშვნელოვანი პროექტებისთვის გაწეული ხარჯები, ამ შედეგების მოპოვება შეუძლებელი იქნებოდა.

,, საქართველოს მთავრობა მხარში გვედგა მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში და უშუალოდ ოლიმპიადის დღეებში. გავიხსენოთ ჩვენი დელეგაციის გაცილებისა და მიღების შთამბეჭდავი ცერემონიები ხელისუფლების უმაღლესი პირების მონაწილეობით; საქართველოს პრემიერ-მინისტრის მნიშვნელოვანი თანადგომა და მთავრობის უპრეცედენტო გადაწყვეტილება ოლიმპიური თამაშების მედალოსნებისთვის სოლიდური საპრიზო ფონდის გამოყოფის შესახებ.\"

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები უკვე ისტორიის ნაწილია. ჩვენ უნდა დავისახოთ ახალი მიზნები, შევიმუშაოთ ახალი გეგმები, რომელთა განხორციელებაც ახალ ენერგიას შემოიტანს ოლიმპიურ მოძრაობაში. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ავიღოთ ახალი სპორტული სიმაღლეები, მყარი საფუძველი ჩავუყაროთ მომავალ გამარჯვებებს, მათ შორის- პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე.

ტოკიო -2020-ის შედეგებისა და პარიზი-2024-ის პერსპექტივების შესახებ იასუბრა სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა.

ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშებისთვის (პეკინი, ჩინეთი, 4-20 თებერვალი) მზადების მიმდინარეობის შესახებ მოხსენება გააკეთა სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა.
სესიაზე მოისმინეს აუდიტის ინფორმაცია.

დაბადების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სეოკ-ის სიგელებით და მედლებით დაჯილდოვდნენ 2021 წლის იუბილარი სპორტული მოღვაწეები და ვეტერანი სპორტსმენები - ნონა გაფრინდაშვილი, არჩილ გოგელია, ჯემალ ძაგანია, ომარ გოგიაშვილი, გურამ საღარაძე, ნოდარ ხოხაშვილი, და ედიშერ მაჩაიძე.

მამუკა კორძაიას კუთვნილი ქვიშის მსოფლიო თამაშების ვერცხლის მედალი გადაეცა საქართველოს ქვიშის სპორტის სახეობათა ასოციაციის პრეზიდენტს ლაშა ლომიძეს.

საანგარიშო სესიის დამთავრებისთანავე გაიმართა სეოკ-ის ვერსიით 2021 წლის სპორტული შედეგებით საუკეთესოთა დაჯილდოების ცერემონიალი, რომელსაც უძღვებოდა ოთარ ტატიშვილი.

დაჯილდოების ცერემონიალი გაიხსნა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ამსახველი სპეციალური ვიდეო რგოლით.

სეოკ-ის ვერსიით საქართველოს 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენებად დასახელდნენ ტოკიო-2020-ის ჩემპიონები - ძიუდოისტი ლაშა ბექაური და ძალოსანი ლაშა ტალახაძე, რომლებმაც სეოკ-ის გან მიიღეს საგანგებო პრიზი, ცნობილი მოქანდაკის ლევან ვარდოსანიძის სკულპტურა - ,,ოლიმპიური ალი\".

სხვა ნომინაციებში გამარჯვებულებად გამოცხადნენ:

საქართველოს 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო).

საქართველოს 2021 წლის საუკეთესო მწვრთნელი-ლაშა გუჯეჯიანი(ძიუდო).

2021 წელს ქალთა სპორტში დასაქმებული საუკეთესო მწვრთნელი-ლალი დოლიძე-ჯანტეზი (მხატვრული ტანვარჯიში).

საქართველოს 2021 წლის საუკეთესო ფედერაცია-საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია.

2021 წლის აღმოჩენა, ,,ოლიმპიური იმედი\"-ლერი აბულაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა).

2021 წლის აღმოჩენა ,,,ოლიმპიური იმედი\"-მარიამ ქერდიკაშვილი (კანოე).

საქართველოს 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენი სპორტის ზამთრის სახეობებში -მორის ყვითელაშვილი (ფიგურული ციგურაობა).

საქართველოს 2021 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობაში-გიორგი მაგრაქველიძე (წყალბურთი).

საქართველოს ოლიმპიური გუნდის მაღალი დონის სამედიცინო უზრუნველყოფისთვის - საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია.

2021 წელს ოლიმპიური სპორტის მხარდაჭერისთვის- სეოკ-ის გენერალური სპონსორი ს/ს ,,საქართველოს ბანკი.\"

ოლიმპიური მოძრაობის მედია-მხარდაჭერისთვის-საქართველოს პირველი არხი

ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების პროფესიონალურად გაშუქებისთვის დაჯილდოვდა სპორტული ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე.

2021 წლის საუკეთესო რეგიონალური ორგანიზაცია - სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია

ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა ნინო სალუქვაძეს.

ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა სს,, საქართველოს ბანკის\" გენერალურ დირექტორს არჩილ გაჩეჩილაძეს.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პარტნიორობისთვის - კომპანია ,,თელიანი ველი"

ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა კომპანია ,, ავერსის\" დამფუძნებელს პაატა კურტანიძეს.

სეოკ-ის გენერალური სპონსორის სს,, საქართველოს ბანკის\" გადაწყვეტილებით, ,,ტოკიო 2020\" ოლიმპიური თამაშების მედალოსნებს ერთი წლის განმავლობაში დაენიშნებათ ყოველთვიური ხელფასი, ხოლო ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ-პრიზიორების პირად მწვრთნელებს გადაეცემათ ერთჯერადი ფულადი ჯილდო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, ოლიმპიური ჩემპიონები, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ-პრიზიორები , მწვრთნელები, მოწვეული სტუმრები და მედიის წარმომადგენლები.

წლის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიალი იყო სეოკ-ისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი ღონისძიება.