ლოზანის ოლიმპიური მუზეუმი ტოკიო-2020-ის არტეფაქტებით შეივსება

30 დეკემბერი 2021

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) არტეფაქტების კოლექცია 425 ახალი ექსპონატით შეივსო.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე ათლეტებმა IOC-ს დაახლოებით 100 პირადი ნივთი გადასცეს, რომლებიც 2022 წლის მარტში ლოზანის ოლიმპიური მუზეუმის ექსპოზიციაზე იქნება წარმოდგენილი. ტოკიოს ასპარეზობებისადმი მიძღვნილი კოლექცია, სპორტის 33 სახეობიდან 28-ს მოიცავს.

"შთამბეჭდავი გამოფენის მომზადება შევძელით, რომელსაც წარვუდგენთ ოლიმპიურ ოჯახს და მთელ მსოფლიოს, - განმარტავს კულტურის და მემკვიდრეობის ოლიმპიური ფონდის (OFCH) დირექტორის მოადგილე იასმინ მეიჰტრი, - სპორტსმენებთან, საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებთან და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებთან წარმატებული თანამშრომლობით 104 არტეფაქტი შევაგროვეთ, რომელთა დიდი ნაწილი ოლიმპიურმა ჩემპიონებმა გადმოგვცეს."

გარდა ამისა, ლოზანაში გამოიფინება ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ ნაჩუქარი ოლიმპიური ჩირაღდნები, მედლები და სხვა ლიცენზირებული პროდუქტები. მუზეუმის მესვეურები ასევე აპირებენ ტოკიოს თამაშების ფოტო და ვიდეომასალის დაარქივებას. ტოკიო-2020-ზე მომზადდება ოფიციალური ფილმი, რომლის პრემიერაც 2022 წლის გაზაფხულზე შედგება.

OFCH-ის იგივე გეგმები აქვს პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებითაც.