სეოკ-ის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის საახალწლო მილოცვა

31 დეკემბერი 2021

მაქვს პატივი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სახელით მოგილოცოთ კარს მომდგარი ახალი 2022 წელი.

განვლილმა ოლიმპიურმა წელმა ქართულ სპორტს არაერთი წარმატება მოუტანა.

რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა, უნდა გავიხსენოთ ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები და ჩვენი გუნდის ისტორიული შედეგი - 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი.

საქართველოს სპორტსმენებისთვის ასევე წარმატებული გამოდგა  ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები, სხვა მნიშვნელოვანი ტურნირები, მათ შორის, ასაკობრივი შეჯიბრებები.

ყველა ეს წარმატება მოპოვებულია  სპორტული ორგანიზაციების, მწვრთნელების, სამდიცინო პერსონალის, სპორტსმენების ერთობლივი და მიზანდასახული მუშაობით, ხელისუფლების თანადგომით, ჩვენი პარტნიორებისა და  მრავალრიცხოვანი გულშემატკივრების მხარდაჭერით.

გაისად ჩვენ  ასევე მოგვიწევს არაერთ მნიშვნელოვან შეჯიბრებაში მონაწილეობა, რომელთა შორის უმთავრესია ზამთრის ოლიმპიური თამაშები. საქართველო ამ უდიდეს სპორტულ ფორუმზე ღირსეულად იქნება წარმოდგენილი და ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ფიგურული ციგურაობის ოთხივე დისციპლინაში და, ასევე, გუნდურ ტურნირში მოპოვებული ლიცენზიები.

2022 წლის სპორტული კალენდარი მრავალფეროვანი და გამორჩეულია, ასე რომ, სპორტის გულშემატკივრებს დიდი და  საინტერესო ასპარეზობები ელით, ჩვენს სპორტსმენებს კი - მორიგი სპორტული გამოცდა ევროპულ თუ მსოფლიო სარბიელზე.

წარმატებულ 2022 წელს გისურვებთ!

ლერი ხაბელოვი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი.