ვიქტორ სანეევი - დიდი ოლიმპიელი

05 იანვარი 2022

2022 წელი მძიმე ამბით დაიწყო - გარდაიცვალა  ვიქტორ სანეევი, ადამიანი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა სპორტში და სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა.

ის იყო დიდი ოლიმპიელი, ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი ათლეტი, ყოველმხრივ სამაგალითო და ღირსეული პიროვნება. თავისი ხანგრძლივი სპორტული კარიერის განმავლობაში, ვიქტორ სანეევს არაერთგზის დაუმტკიცებია, რომ ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა და თუ საყვარელ საქმისთვის ყველაფერს გაიღებ, მიზანს აუცილებლად მიაღწევ.

მან თავიდანვე დიდი მიზნები დაისახა  და მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, ამ გზიდან არასოდეს გადაუხვევია.

ამიტომაც გახდა უნიკალური სპორტული მიღწევების ავტორი: სამი ოლიმპიური ოქროსა და ვერცხლის მედლების მფლობელი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს რეკორდსმენი. ამიტომაც აღიარეს მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ  უძლიერეს ათლეტად და მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის დიდების დარბაზის წევრად,

საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად.

ვიქტორ სანეევმა განვლო დიდი და სახელოვანი სპორტული და სპორტისშემდგომი ცხოვრება, რომელიც ასევე რთული და წინააღმდეგობრივი გამოდგა. მას, როგორც პერსპექტიულ, მერე კი ტიტულებით დახუნძლულ სპორტსმენს, საბჭოთა პერიოდში არაერთი  მაცდუნებელი წინადადება მიუღია საქართველოს დატოვების და სხვა რესპუბლიკის, სხვა ქალაქის სახელით გამოსვლისა, მაგრამ  აფხაზეთში, სოხუმში დაბადებულ  ვიქტორ სანეევს საქართველოს დატოვებაზე არც უფიქრია.

ეს მერე მოხდა, 1990-იან წლებში, როცა აქტიური სპორტისთვის თავი კარგა ხნის დანებებული ჰქონდა, როცა ახალი ისტორიული  რეალობა დადგა და გადაწყვიტა, ამ ვითარებას გარიდებოდა - ოჯახთან ერთად ორი-სამი წლით ავსტრალიაში გამგზავრებულიყო. საბოლოოდ, ეს ორი-სამი წელი სამ ათეულ წელიწადად იქცა - ვიქტორ სანეევმა თავისი ცხოვრების  დიდი ნაწილი ავსტრალიაში, სიდნეიში გაატარა და იქვე აღესრულა. ამის შესახებ ვიქტორის მეუღლემ, ქალბატონმა იანამ გვაუწყა: „დიდი წუხარებით გატყობინებთ, რომ ვიქტორის გულისცემა გუშინ, 2 იანვარს ადრე დილით  შეწყდა. ის ყოველთვის იმედოვნებდა, რომ ჩვენ ერთ დღეს საქართველოში დაბრუნებას შევძლებდით. ვიქტორი ძალიან ამაყობდა იმით, რომ ქართველი ოლიმპიელი იყო."

გეოგრაფიული სიშორის მიუხედავად, ვიქტორ სანეევს საქართველოსთან, ჩვენს ოლიმპიურ კომიტეტთან კავშირი არასოდეს გაუწყვეტია. ის თავად იყო სეოკ-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი. 2000 წელს, როცა სიდნეიში ოლიმპიური თამაშები ჩატარდა, ვიქტორ სანეევი საქართველოს ოლიმპიური ატაშეს ფუნქციას ასრულებდა და ძალიან ამაყობდა ამით. სწორედ სიდნეიში, ოლიმპიდის დღეებში გადაეცა მას საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენისთვის დაწესებული საგანგებო პრიზი.

მოგვიანებით, 2005 წლის შემოდგომაზე, დაბადების 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით და სეოკ-ის მაშინდელი პრეზიდენტის ბადრი პატარკაციშვილის მოწვევით, ოჯახთან ერთად თავის სამშობლოში, საქართველოში სიხარულით ჩამოვიდა. როგორც შემდეგ თავად განაცხადა, ის საიუბილეო საღამო და საქართველოში გატარებული  ერთი კვირა უბედნიერესი დღეები იყო მის ცხოვრებაში.

ვიქტორ სანეევი მნიშვნელოვანი შეჯიბრებების, განსაკუთრებით კი ოლიმპიური თამაშების წინ, როგორც წესი, გასამხნევებელი წერილით მიმართავდა ქართველ სპორტსმენებს, წარმატებას უსურვებდა მათ და გულით ხარობდა თითოეული მოპოვებული მედლით. 

ბატონი ვიქტორი საპატიო სტუმარი უნდა ყოფილიყო 2018 წელს რუსთაველის თეატრში გამართული ყველა დროის ქართველ ოლიმპიელთა ფორუმისა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. სამწუხაროდ, მიუხედავად დიდი სურვილისა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვიქტორმა ვერ შეძლო თბილისში ჩამოსვლა და ვიდეო-მიმართვა გამოგვიგზავნა, რომლითაც მიესალმა ფორუმის მონაწილეებს და მთელ საქართველოს.

იმ წელს, ვიქტორ სანეევი, ისევე როგორც ჩვენი სხვა ოლიმპიური ჩემპიონები, სეოკ-ის წარდგინებით, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვდა. ეს ორდენი თბილისში საგანგებოდ ჩამოსულ ვიქტორის მეუღლეს, ქალბატონ იანას გავატანეთ ავსტრალიაში. ვიქტორ სანეევთან ერთ-ერთი ბოლო კონტაქტი ტოკიოს ოლიმპიადის დღეებში გქონდა, როცა ქართველ ოლიმპიელთა გამარჯვება მოგვილოცა.

 ვიქტორ სანეევის უკვდავი სახელი, მისი საგმირო საქმეები ჩვენს მომავალ ოლიმპიელებსაც გაუკვალავს გზას მაღალი კვარცხლბეკისკენ.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.