სეოკ-ის სამძიმარი

13 იანვარი 2022

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდედ, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა სახელოვანი სპორტული მოღვაწე, ვახტანგ გორგასლის, ღირსებისა და  საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენების კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი ჯანო ბაგრატიონი.

ბატონმა ჯანომ მთელი თავისი ცხოვრება ქართულ სპორტს და ოლიმპიურ მოძრაობას მიუძღვნა, ჯერ როგორც წარმატებულმა სპორტსმენმა, პირველი თაობის ხელბურთელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, მერე კი - როგორც მწვრთნელმა და ჩვენი სპორტის დიდმა მოამაგემ. ის იყო ორგანიზატორული თვისებებით, გულისხმიერებით, საქმის ერთგულებით გამორჩეული პიროვნება, სპორტსმენებისა და სპორტის ინტერესების გულმხურვალე დამცველი,  არაერთი მნიშვნელოვანი წამოწყების თაოსანი. ამიტომაც სარგებლობდა განსაკუთრეული პატივისცემით როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ამიტომაც აფასებდნენ სხვადასხვა თაობის სპორტსმენები, მწვრთნელები, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები.

ჯანო ბაგრატიონი მრავალი წლის განმავლობაში იყო არაერთი მნიშვნელოვანი სპორტული ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მათ შორის - თბილისის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი. სეოკ-ის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობის პერიოდში (1996-2004 წლებში) მისი ინიციატივით არაერთი სასიკეთო საქმე გაკეთდა, ქართველმა სპორტსმენებმა კი დამოუკიდებელი საქართველოს სახელით სწორედ იმ წლებში მოიპოვეს პირველი ოლიმპიური მედლები.

სეოკ-ი უთანაგრძნობს ჯანო ბაგრატიონის ოჯახის წევრებს და ახლობლებს.