ვუოკატიმ ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მეორედ გაუღო კარი

ფინეთის ვუოკატიში სტარტი აიღო ევროპის XV ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალმა. ამ მულტისპორტულ შეჯიბრებაში 44 ქვეყნის წარმომადგენელები სპორტის 9 სახეობაში (სამთო თხილამურობა, ბიათლონი, ბარის თხილამურობა, ფიგურული ციგურაობა, ჰოკეი, ჩრდილოური ორჭიდი, შორტ ტრეკი, ტრამპლინიდან ხტომა, სნოუბორდი) მედლების 42 კომპლექტს გაითამაშებენ. საზეიმო გახსნის ცერემონიალზე მონაწილეებს მიესალმნენ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი სპიროს კაპრალოსი და ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მიკა კილპელაინენი.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდა სპორტსმენებს აერთიანებს.
საქართველო ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალებზე 1995 წლიდან მონაწილეობს. 1997 და 2017 წლებში ფიგურულ ციგურაობაში ფესტივალის ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ ვახტანგ მურვანიძე და ნიკა ეგაძე.
ვუოკატიში საქართველო სპორტის სამ სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, ტრამპლინიდან ხტომა, სამთო თხილამურობა) 6 სპორტსმენით იასპარეზებს.
აღსანიშნავია, რომ ვუოკატის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის გამოცდილება უკვე აქვს. 2001 წელს ფინეთის ამ ქალაქში რიგით მეხუთე ფესტივალი ჩატარდა. მას შემდეგ 21 წელი გავიდა, ამ ხნის განმავლობაში კი ფესტივალი გენდერულად დაბალანსებული გახდა. ისტორიაში პირველად, ვუოკატიში გოგოებიც და ბიჭებიც სპორტის ყველა სახეობაში არიან წარმოდგენილი.
საქართველოს ნაკრები:
1. ანა დეა გულბიანი-შმიდტი (ფიგურული ციგურაობა)
2. ალან გობოზოვი (ტრამპლინიდან ხტომა)
3. ესმერალდა გობოზოვა (ტრამპლინიდან ხტომა)
4. ირაკლი არღვლიანი (სამთო თხილამურობა)
5. ლუკა ბუჩუკური (სამთო თხილამურობა)
6. მიხეილ ჩართოლანი (სამთო თხილამურობა).