,,სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადა 2022"
დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა „სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადა 2022"-ის გამარჯვებული და პრიზიორი სკოლის გუნდების დაჯილდოება. სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადის დასკვნით, ფინალურ ეტაპზე სამი სკოლის გუნდი მონაწილეობდა: თბილისის 36-ე საჯარო სკოლა, ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის პირველი საჯარო სკოლა, მერაბ კოსტავას სახელობის თელავის მე-4 საჯარო სკოლა. ფინალში გასულმა გუნდებმა წარმოადგინეს ნამუშევრების პრეზენტაცია თემაზე „ოლიმპიური თამაშები ანტიკური ხანიდან დღევანდელობამდე".
ფინალურ ეტაპში მონაწილე სკოლების გუნდების მიერ შექმნილი პრეზენტაციები შეაფასა და გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები გამოავლინა გაზეთ „ლელოს" რედაქციამ.
საქართველოს სპორტულ- შემეცნებითი ოლიმპიადა 2022-ის გამარჯვებული გახდა მერაბ კოსტავას სახელობის თელავის მე-4 საჯარო სკოლა, მეორე ადგილი დაიკავა თბილისის 36-ე საჯარო სკოლამ, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის პირველი საჯარო სკოლა.
სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებითა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი.
გამარჯვებული და პრიზიორი სკოლების გუნდები დაჯილდოვდნენ მედლებით, დიპლომებითა და თასით. თითოეულ სკოლას, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისგან გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.
ღონისძიების დასასრულს სტუმრებმა დაათვალიერეს ოლიმპიური მუზეუმი.