ალექსანდრე წივწივაძემ მეორე ოქროს მედალი მოიპოვა

26 ივნისი 2022

ბელგრადში, 19 და 23-წლამდელ კანოეისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ლიდერმა ალექსანდრე წივწივაძემ მეორე ოქროს მედალი მოიპოვა.

წივწივაძემ ერთადგილიანი კანოეთი წარმატებით იასპარეზა 200-მეტრიან დისტანციაზე. ქართველმა ნიჩბოსანმა მანძილი 41.200 წამში გაცურა და საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

მომავალმა ჩემპიონმა რვა საუკეთესოს შორის ასპარეზობის უფლება 24 ივნისს საკვალიფიკაციო გაცურვისას ნაჩვენები საუკეთესო შედეგით მოიპოვა (43.582 წამი).

საქართველოს ნაკრების ლიდერმა ერთი დღით ადრე ერთადგილიანი კანოეთი, ზედიზედ მეორედ, კონტინენტის ჩემპიონობა იზეიმა 1000-მეტრიან დისტანციაზე.

დღესვე 23-წლამდელებში საუკეთესო სამეულს ერთი ადგილით ასცდა გია გაბედავა  - 200 მეტრიან მანძილზე ნაჩვენები 39.829 წამით მეოთხე ადგილზე გავიდა.