20-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატი 2 ოქროს, 2 ვერცხლის, 1 ბრინჯაოს მედლით და გუნდური პირველი ადგილით დაასრულეს

29 ივნისი 2022

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედალი მოიპოვა. ქართველმა "კლასიკოსებმა" სამი ფინალი და ერთიც მესამე ადგილისთვის შეხვედრა ჩაატარეს.

რომაულ ხალიჩაზე ყველაზე შედეგიანები ნიკა ბროლაძე (67 კგ) და აჩიკო ბოლქვაძე (82 კგ) აღმოჩნდნენ. მათ ჩემპიონობის შანსი გამოიყენეს და საქართველოს ჰიმნიც ააჟღერეს. ბროლაძემ ფინალი სომეხ აშოტ ხაჩატრიანს 3-1 მოუგო, ბოლქვაძემ ფინელ იონი კუნარ სარკინენს - 9-4.

ოქროს მედლამდე ნაბიჯი დააკლდა დიმიტრი ხაჩიძეს (60 კგ) - გადამწყვეტ შეხვედრაში სომეხ სურენ აგაჯანიანთან 0-4 დამარცხდა და ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა.

საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი შემატა თემურ ორჯონიკიძემ (72 კგ). მან გადამწყვეტი ბრძოლა 4-3 მოუგო უკრაინელ ირფან მირზოიევს.
ერთი დღით ადრე ვერცხლის მედლით დაასრულა ჩემპიონატი თორნიკე მიქელაძემ (77 კგ).

საბოლოოდ, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა რომის ევროპის ჩემპიონატი 2 ოქროს, 2 ვერცხლის, 1 ბრინჯაოს მედლით და გუნდური პირველი ადგილით დაასრულა.