ძიუდოისტთა ნაკრებმა უნგრეთის გრან სლემი ორი მედლით დაიწყო

08 ივლისი 2022

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები უნგრეთის გრან სლემს 13-კაციანი გუნდით ეწვია, მათ შორის ორი - ქალთა ნაკრების წარმომადგენელია.

გრან სლემის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა და ორივე უმსუბუქეს - 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე ნაბიჯი დააკლდა მსოფლიოს  და ევროპული თამაშების ჩემპიონს  ლუხუმ ჩხვიმიანს, რომელიც ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგა.

ისრაელელ, მოლდაველ, იტალიელ და ყაზახ მეტოქეებთან გამარჯვების შემდეგ, ჩხვიმიანი გადამწყვეტ შეხვედრაში ბელგიელ იორე ფერსტაპენთან ოქროს ქულით დამარცხდა და გრან სლემი ვერცხლის მედლით დაასრულა.

მესამე ადგილი დაიკავა თემურ ნოზაძემ, რომელიც შეჯიბრებაში ასევე მეორე წრიდან ჩაება. მომავალი მედალოსანი ბრიტანელ და ჩეხ მოწინააღმდეგეებს გაუმკლავდა, მეოთხედფინალში კი ყაზახ ბაირჟან ნარბაიევთან დამარცხდა. მესამე ადგილისთვის ბრძოლის შანსი რეპეშაჟში მიეცა, სადაც ჯერ იტალიელ  ანჯელო პანტანოს მოუგო,  ბრინჯაოს ფინალში კი მონღოლ არიუნბოლდ ენხტაივანს აჯობა.