ზაგრების გრან პრის პირველი დღეს: ეთერ ლიპარტელიანის ვერცხლი და გიორგი სარდალაშვილის ბრინჯაო

15 ივლისი 2022

ზაგრებში დაწყებული ძიუდოისტთა გრან პრის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა.

უმსუბუქეს - 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მიიღო გიორგი სარდალაშვილმა. იუნიორებში მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის მეორეადგილოსანი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაება. ტაჯიკ და ბრაზილიელ მოწინააღმდეგეებთან გამარჯვების შემდეგ, მეოთხედფინალში ფრანგ მაქსიმ მერლინთან იპონით დამარცხდა და რეპეშაჟში გააგრძელა ბრძოლა. სარდალაშვილმა მედლის მოპოვების შანსი წარმატებით გამოიყენა - ჯერ თურქმენეთის წარმომადგენელს წმინდად მოუგო,  გადამწყვეტ შეხვედრაში კი  ესპანელ ფრანცისკოს აჯობა.

ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა ეთერ ლიპარტელიანს (57 კგ). საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერი შეჯიბრს მეორე წრიდან შეუდგა. ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელმა დაამარცხა ბრიტანელი, შვეიცარიელი, ხორვატი და კუბელი მეტოქეები, ფინალში კი კანადელ კრისტა დეგუჩისთან იპონით დამარცხდა და გრან პრი ვერცხლის მედლით დაასრულა.