ზაგრების გრან პრის ხუთი მედალი და გუნდური მეხუთე ადგილი

17 ივლისი 2022

ზაგრების გრან პრის დასკვნით დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა, მთლიანობაში ხუთი მედალი დააგროვა და მედლების საერთო ჩათვლაში (ქალთა და კაცთა) მეხუთე ადგილი დაიკავა.

გრან პრის მესამე დღეს საუკეთესო შედეგი ჰქონდა ბექა ღვინიაშვილს (90 კგ). ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგა. დაამარცხა ჩეხი, ბერძენი, ფრანგი და იაპონელი მეტოქეები, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ბრაზილიელ რაფაელ მასედოს ჯერ ვაზარი აართვა, შემდეგ კი წმინდა გამარჯვებაც მოიპოვა და ზაგრების გრან პრი ოქროს მედლით დაასრულა.

ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა ილია სულამანიძეს (100 კგ). მომავალი მედალოსანი შეჯიბრს მეორე წრიდან შეუდგა. დაამარცხა ხორვატი, ესტონელი, ყაზახი და პოლონელი მეტოქეები, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში ნიდერლანდელ მიხაელ კორელთან ოქროს ქულით დამარცხდა და ზაგრების გრან პრი ვერცხლის მედლით დაასრულა.

ერთი დღით ადრე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ). გრან პრის პირველ დღეს ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ), ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) კი ვერცხლის მედლით დაასრულა ზაგრების გრან პრი.