საქართველოს ნაკრები ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე: მოცურავე ნოე ფანცხავა ფინალშია

25 ივლისი 2022

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პირველ დღეს საქართველოს ნაკრები სამ სახეობაში - ბადმინტონში,  ჩოგბურთსა და ცურვაში 6 სპორტსმენით შეუდგა ასპარეზობას.

პირველი დღე მეტწილად საკვალიფიკაციო ასპარეზობებს და ჯგუფურ  შეხვედრებს დაეთმო.

100 მეტრზე გულაღმა ცურვაში ნოე ფანცხავამ  კვალიფიკაცია წარმატებით გადალახა და 00:57.45 წამით ნახევარფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა. ფანცხავასთვის წარმატებული გამოდგა ნახევარფინალიც, სადაც მესამე შედეგით 26 ივლისს, ფინალში ასპარეზობის უფლება მიიღო. 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში კვალიფიკაცია ვერ გაიარა ლიზი გრიგალაშვილმა (01:03.27).

ბადმინტონში ჯგუფურ ეტაპზე გიორგი მჟავიამ ორი შეხვედრა ჩაატარა და ორივეში დამარცხდა. ასევე ორივე შეხვედრა დათმო ელისაბედ ზუმბულიძემ.

საქართველო ჩოგბურთელთა შეჯიბრებაშიც ორი წარმომადგენლით წარსდგა. ანასტასია პონომარიოვა პირველი წრის შეხვედრაში ლუქსემბურგელ თანატოლთან ორ სეტში 1-6, 2-6 დამარცხდა. ასევე წარუმატებლად გამოვიდა ნიკოლოზ გურგენიძეც, რომელმაც ლატვიელ არტურს ზაგარსთან 1-6, 1-6 წააგო.