დავით ლომიტაშვილმა ოლიმპიური ფესტივალის ოქროს მედალი მოიპოვა, დავით ქარელმა კი - ბრინჯაოსი

26 ივლისი 2022

ბანსკა-ბისტრიცას (სლოვაკეთი) XVI ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების წევრებმა პირველი მედლები მოიპოვეს. წარმატებას მიაღწიეს ძიუდოისტმა -  დავით ლომიტაშვილმა (-55 კგ) და დავით ქარელმა  (-60 კგ).

უმსუბუქეს - 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობას მეოთხედფინალიდან შეუდგა. წმინდად დაამარცხა  მოლდაველი და ფრანგი მოწინააღმდეგეები, ფინალში კი აზერბაიჯანელ მურად ალიევს შეხვდა, რომელსაც ასევე იპონით მოუგო და ჩემპიონობა იზეიმა. 

წარმატებას მიაღწია დავით ქარელმაც (-60 კგ). მომავალი მედალოსანი შეჯიბრს მეორე წრიდან შეუდგა. წმინდად აჯობა სომეხ და უკრაინელ თანატოლებს, მაგრამ ნახევარფინალში ნიდერლანდელ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა და ასპარეზობა რეპეშაჟში  გააგრძელა. ქარელმა მესამე ადგილის დაკავების შანსი წარმატებით გამოიყენა - ბრინჯაოს ფინალში იპონით დაამარცხა იტალიელი მანუელ პარლატი და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა. 

100 მეტრ გულაღმა ცურვაში მე-4 ადგილი დაიკავა და სამწუხაროდ მედლამდე სულ ცოტა  დააკლდა ნოე ფანცხავას.

დღესვე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა ჯულიეტა როდონაიას (-48 კგ), მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში ოქროს ქულით დამარცხდა ბრიტანელ მეტოქესთან.

ბადმინტონში ორი წაგებული შეხვედრის შემდეგ, პირველი გამარჯვება მოიპოვა გიორგი მჟავიამ - ალბანელი მეტოქე 21-10, 21-8 დაამარცხა. სამწუხაროდ, დამარცხდა მისი თანაგუნდელი ელისაბედ ზუმბულიძე.

ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძე მრავალჭიდში 70.850 ქულით 57-ე იყო, გეგა კასრაძემ თავისი დაგეგმილი პროგრამა შეასრულა- სამ იარაღზე იასპარეზა, მაგრამ სამწუხაროდ კვალიფიკაცია ვერ გაიარა.

იასპარეზეს მძლეოსანებმაც. ლუკა ზანაძემ ბირთვის კვრაში 15,61 მეტრით მეხუთე ადგილი დაიკავა, უროს ტყორცნაში ნოდარ კახელაშვილმა 53,02 მეტრით მე-9 იყო, ხოლო ქეთევან მამალაძემ ბადროს ტყორცნაში 32,35 მეტრით საკუთარი შედეგი კი გააუმჯობესა, მაგრამ მე-13 ადგილით დაასრულა გამოსვლა.

დღეს იასპარეზეს ჩვენმა ველოსპორტსმენებმა, ნიკოლოზ ცირეკიძემ 51-ე ადგილი დაიკავა, გიორგი მარსაგიშვილმა 69-ე, ნიკა ფირანიშვილმა კი 85-ე.

ჩოგბურთში პირველ წრეში 3-6, 2-6 დამარცხდა ანასტასია პონომარიოვა/ნიკოლოზ გურგენიძის წყვილი.