თორნიკე მოსიაშვილმა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

27 ივლისი 2022

ბანსკა-ბისტრიცას (სლოვაკეთი) XVI ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მესამე დღეს წარმატებას კვლავაც ძიუდოისტთა ნაკრების წარმომადგენელმა მიაღწია -თორნიკე მოსიაშვილმა მესამე ადგილი დაიკავა.

მოსიაშვილი -60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობას პირველი წრიდან შეუდგა. დაამარცხა დანიელი, პოლონელი და სომეხი თანატოლები, მაგრამ ნახევარფინალში სლოვენიელ მეტოქესთან წააგო და რეპეშაჟზე გადაერთო. მომავალმა მედალოსანმა მესამე ადგილის დაკავების შანსი წარმატებით გამოიყენა - გადამწყვეტ შეხვედრაში ბელგიელ რეი მარინთან წმინდა გამარჯვება მოიპოვა და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.

-73 კილოგრამ წონით კატეგორიაში წარუმატებლად გამოვიდა სანდრო ახლოური. პირველ წრეში ხორვატ მეტოქეს მოუგო, მაგრამ ასპარეზობას მეორე წრეში თურქ მოწინააღმდეგესთან წაგებით ტურნირს გამოეთიშა.

პირველ წრეში წაგებით დაასრულა გამოსვლა მარიამ ფოცხვერაშვილმა (52 კგ). უმედლოდ დარჩა ნინო ლოლაძეც (57 კგ). ის შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაერთო, თუმცა წარუმატებლად - ნიდერლანდელ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა, მაგრამ რეპეშაჟში გამოსვლის შესაძლებლობა მაინც მიეცა. მოიგო შეხვედრა თურქ თანატოლთან, მაგრამ ესპანელ მოწინააღმდეგესთან ბრინჯაოს ნახევარფინალში დამარცხდა.

მოცურავეებმა - ლიზი გრიგალაშვილმა ( 200 მ. თავისუფალი სტილი ) 42-ე ადგილი დაიკავა, ნოე ფანცხავამ ( 200 მ. გულაღმა ცურვა) მე-20 ადგილი.

ტანვარჯიშში კვალიფიკაცია ვერ გაიარა ელიზაბეტა ქორქიამ.