ქართველ ძიუდოისტთა მორიგი წარმატება ოლიმპიურ ფესტივალზე: გიორგი ტაბატაძემ ოქროს მედალი მოიპოვა, გიორგი ბადუაშვილმა -ბრინჯაოსი
ბანსკა-ბისტრიცას (სლოვაკეთი) XVI ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მეხუთე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებს ორი მედალი შეემატა და ამჯერადაც ჩვენმა ძიუდოისტებმა იყოჩაღეს.
ძიუდოისტთა ტურნირი დღეს საქართველოს ჰიმნით დასრულდა: მძიმეწონოსანმა გიორგი ტაბატაძემ ზედიზედ ოთხ მეტოქეს აჯობა ჩემპიონობა იზეიმა.
ტაბატაძე შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაება - დაამარცხა ესტონელი, გერმანელი და პოლონელი თანატოლები, გადამწყვეტ შეხვედრაში კი თურქ რეჩეპ ერჯინს ორ წუთში იპონით მოუგო და კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე ასვლის პატივი დაიმსახურა.
შედეგიანად იასპარეზა გიორგი ბადუაშვილმაც (100 კგ). მან მეოთხედფინალიდან დაიწყო ასპარეზობა. პირველ შეხვედრაში უნგრელი მოწინააღმდეგეს აჯობა, მაგრამ ნახევარფინალში დამარცხდა რუმინელ თანატოლთან და ბრინჯაოსთვის ბრძოლა გააგრძელა. ბადუაშვილმა შანსი წარმატებით გამოიყენა - გადამწყვეტ სამედლო შეხვედრაში სომეხ ერიკ საგატელიანს მოუგო.
ბადროს ტყორცნაში მედალი ვერ მოიპოვა, მაგრამ 44.91 მეტრით პირადი შედეგი გააუმჯობესა ვაჟა მარტყოფლიშვილმა, რომელმაც ასპარეზობა მე-12 შედეგით დაასრულა.