საქართველოს ქალთა ნაკრებმა საჭადრაკო ოლიმპიადაზე მეორე ადგილი დაიკავა

09 აგვისტო 2022

ინდოეთის ჩენაიში დასრულებული 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადა საქართველოს ქალთა ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. ჩვენმა გუნდმა ბოლო ტურში აზერბაიჯანის ნაკრები 3:1 დაამარცხა და მეორე ადგილი დაიკავა. საგულისხმოა, რომ საქართელოს ნაკრებმა უკრაინის გუნდთან ერთად თანაბარი ქულები (18-18) დააგროვა, თუმცა პირველი ადგილი, დამატებითი მაჩვენებლების გამო, უკრაინელებს ერგოთ.

საქართველოს ნაკრებმა  (ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე, სალომე მელია) პირველ ტურში ერაყი დაამარცხა (4-0), შემდეგ ლიტვა (2,5-1,5), ჩეხეთი (2,5-1,5), ინდოეთი-3 (3-1), ინდოეთი-2 (3-1), მე-6 ტურში 1-3 დამარცხდა ინდოეთის პირველ გუნდთან, შემდეგ დაამარცხა რუმინეთი (2,5-1,5), სომხეთი (3,5-0,5), მე-9 ტურში ჩვენი მოჭადრაკები დაუზავდნენ უკრაინას (2-2), ასევე საყაიმო ანგარიში ჰქონდათ პოლონეთთან (2-2), დასკვნით მე-11 ტურში კი აზერბაიჯანს 3-1 მოუგეს.