ოთარ ადეიშვილმა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

16 აგვისტო 2022

სოფიაში დაწყებულ 20-წლამდელ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით, ათივე წონაში გამოდის, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ოთარ ადეიშვილმა (79 კგ).

მომავალი მედალოსანი შეჯიბრებაში მერვედფინალიდან ჩაება. აშკარა უპირატესობით - 13-0 დაამარცხა ესპანელი გაბრიელ იგლესიას რამოსი. 13-8 მოუგო ყაზახ შამსატ ტაირს, მაგრამ ნახევარფინალში 6-9 დამარცხდა ირანელ სობჰან ჰუშანგ იარისთან და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა გააგრძელა.

ადეიშვილმა მესამე ადგილის დაკავების შანსი წარმატებით გამოიყენა - თურქი ბექირ ტალიპ ოვეჩი 10-4 დაამარცხა და მედალი მოიპოვა.

დღესვე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდათ ლუკა ღვინჯილიას (57 კგ), გიგი ქურხულს (70 კგ) და ლუკა ხუჭუას (97 კგ), მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრებში დამარცხდნენ.

ხვალ, 17 აგვისტოს ოქროს მედლისთვის იჭიდავებს ანდრო მარგიშვილი (92 კგ), ლუკა ჩხიტუნიძე (74 კგ) და მერაბ სულეიმანაშილი (125 კგ) კი ბრინჯაოს ფინალებში იასპარეზებენ.