ქარელმა და სამადაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიპოვეს, საბაშვილმა და ლომიტაშვილმა - ბრინჯაოსი

25 აგვისტო 2022

სარაევოში მიმდინარე ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობს საქართველოს ნაკრები.

ჩვენმა გუნდმა ოთხიდან  სამ წონაში  მედლები მოიპოვა. მათ შორის ორი მედალი უმაღლესი სინჯისაა, ორი კი - ბრინჯაოსი.

მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმეს დავით ქარელმა (60 კგ) და საბა სამადაშვილმა (66 კგ).

ქარელმა ფინალამდე ხუთი შეხვედრა ჩაატარა. დაამარცხა პოლონელი, სლოვაკი, უნგრელი, ყაზახი და აზერბაიჯანელი თანატოლები, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი წმინდა გამარჯვება მოიპოვა ფრანგ კელვინ რეისთან და საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა.

სამადაშვილი ჩემპიონატში მეორე წრიდან ჩაება. დაამარცხა საუდის არაბეთის, ყაზახეთის, იტალიის და საფრანგეთის წარმომადგენლები, გადამწყვეტ შეხვედრაში კი უზბეკ შოჰჯახონ ოტაბოევს იპონით მოუგო და კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე ავიდა.

საქართველოს ნაკრებმა ერთბაშად ორი მედალი მოიპოვა 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში. საბა საბაშვილმა და დავით ლომიტაშვილმა ბრინჯაოს მედლები მიიღეს.