ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი გუნდური პირველი ადგილით დაასრულა

06 სექტემბერი 2022

საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი წარმატებით დაასრულა. ჩვენმა გუნდმა მსოფლიო სერიის ხუთივე ეტაპის შედეგების გათვალისწინებით, ორ-ორი ოქროსა და ვერცხლის მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ) და ნიკა კენჭაძე (80 კგ), დავით ხუციშვილმა (90 კგ) და მამუკა კორძაიამ (+90 კგ) კი მეორე ადგილები დაიკავეს.

საქართველოს ნაკრების საბოლოო წარმატებაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სერიის მეხუთე და დასკვნითმა ეტაპმა, რომელსაც კონსტანცამ უმასპინძლა. საქართველოს ნაკრები მასში 7 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, სამმა მათგანმა კი წარმატებას მიაღწია.

ფინალურ ეტაპზე ჩემპიონები გახდნენ ნიკა კენჭაძე და ლევან ქელეხსაშვილი, მამუკა კორძაიამ მეორე ადგილი დაიკავა, დავით ხუციშვილი კი ნახევარფინალში მიღებული ტრავმის გამო საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლავთ ჯემალ კილაძე. საქართველოს დელეგაციას მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა სერიის ეტაპზე ხელმძღვანელობდა საქართველოს სპორტის ქვიშის სახეობათა ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა ლომიძე.