ნუგზარ წურწუმიამ მსოფლიო ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა

11 სექტემბერი 2022

ბელგრადში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე გათამაშებული პირველი მედლებიდან ერთ მედალს საქართველოს ნაკრებიც დაეუფლა. ჩვენი გუნდისთვის შედეგიანი გამოდგა უმსუბუქესი - 55 კილოგრამ წონითი კატეგორია - ნუგზარ წურწუმიამ ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა.

მსოფლიო ჩემპიონატების ოქროს და ორი ბრინჯაოს მედლის, ასევე ევროპის ჩემპიონატების ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი ქართველი ფალავანი შეჯიბრებაში მერვედფინალიდან ჩაება. პირველივე შეხვედრაში აშკარა უპირატესობით - 10-0 დაამარცხა იორდანელი მოსტაფა სულთან რაიექ ალქადი. მეოთხედფინალში ქულებით მოუგო უზბეკ იასურბეკ ორტიკბოევს (5-2), ნახევარფინალში კი ყაზახი ამანგალი ბეკბოლატოვი დაამარცხა (5-3).

წურწუმიას გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლისთან მოუწია ორთაბრძოლა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და 0-8 დამარცხდა.

ხვალ, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან ოქროს მედლისთვის იბრძოლებს ლერი აბულაძე (63 კგ), ჯონი ხეცურიანი (67 კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

რეპეშაჟის ნახევარფინალშია გელა ბოლქვაძე (82 კგ). ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი მასაც აქვს.