თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი გივი მაჭარაშვილის ბრინჯაოს მედლით დაასრულეს

19 სექტემბერი 2022

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბელგრადის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოპოვებული ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

გივი მაჭარაშვილი ასპარეზობას საკვალიფიკაციოდან შეუდგა. 10-0 დაამარცხა ლიეტუველი ლუკას კრასაუსკასი. მერვედფინალში 8-2 გაიმარჯვა ყაზახ მამედ იბრაგიმოვთან, მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში 6-4 მოუგო მაკედონელ მაგომედგადი ნუროვს, მაგრამ 0-10 დამარცხდა ნახევარფინალში სლოვაკ ბატირბეკ ცაკულოვთან.  ნახევარფინალში წაგებამ მაჭარაშვილს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შესაძლებლობა მისცა, რაც უნგრელ ვლადისლავ ბაიცაევთან წარმატებითაც გამოიყენა. მეტოქე 5-3 დაამარცხა და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.

ბელგრადის ხალიჩაზე ასევე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ), მირიან მაისურაძემ (92 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ).