ბექაურმა და მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

10 ოქტომბერი 2022

ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე დღეს მოვლენები ისე განვითარდა, რომ 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექაური-მაისურაძის ქართულ ფინალთან ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ, სამწუხაროდ, იქამდე ერთი ნაბიჯიღა დაგვაკლდა.

მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილოსანი, ევროპის ჩემპიონი და ასევე ევროპის ჩემპიონატის და ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი ლუკა მაისურაძე ნახევარფინალში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელ იტალიელ კრისტიან პარლატისთან დამარცხდა.

ნახევარფინალში წაგების შემდეგ მაისურაძეს მესამე ადგილის დაკავების შანსი მიეცა, საამისოდ კი მსოფლიო ჩემპიონატის მეორეადგილოსან კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესთან მოუწია ურთიერთობის გარკვევა და ოქროს ქულამდე მიყვანილ დაპირისპირებაში წარმატებასაც მიაღწია.

ასეთივე გზა გაიარა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების  და ევროპის ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა. ტიტულიანი ძიუდოისტი ნახევარფინალში უზბეკ დავლატ ბობონოვთან  დამარცხდა და მასაც ბრინჯაოს მედლის მოპოვების შესაძლებლობა მიეცა. ბექაურს ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილთან მოუწია სამედლო ორთაბრძოლა. გამარჯვება საქართველოს ნაკრების წარმომადგენელს დარჩა.

ერთი დღით ადრე მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ).