გურამ თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა

12 ოქტომბერი 2022

ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის პირადი პირველობის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებმა ტაშკენტის ტატამზე ასპარეზობა მძიმე წონაში გურამ თუშიშვილის მიერ მოპოვებული ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ოლიმპიური თამაშების ვერცხლის, მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს, ევროპის პირველობების ოქროს და სამი ბრინჯაოს მედლის მფლობელი,  ევროპული თამაშების ჩემპიონი ქართველი მძიმეწონოსანი ასპარეზობა მეორე წრიდან შეუდგა. დაამარცხა სლოვენიელი, გერმანელი მოწინააღმდეგეები, მაგრამ მეოთხედფინალში იპონით დამარცხდა კუბელ ენდი გრანადასთან და ბრინჯაოსთვის ბრძოლა გააგრძელა.

თუშიშვილმა მესამე ადგილისთვის შეხვედრის ნახევარფინალში ჯერ უზბეკ ალიშერ იუსუპოვს მოუგო, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ტაჯიკ თემურ რახიმოვს აჯობა და საქართველოს ნაკრებს ტაშკენტის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე მედალი შესძინა.

ქართველთაგან  ასევე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ლუკა მაისურაძემ (90 კგ) და ლაშა ბექაურმა (90 კგ), კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა და საქართველოს ჰიმნის აჟღერება კი ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) შეძლო.

საქართველოს ნაკრებმა 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედლით კაცთა ჩათვლაში მეოთხე ადგილი დაიკავა.