სეოკ-ის მილოცვა პაატა ნაცვლიშვილს

16 ოქტომბერი 2022

70 წელი შეუსრულდა ცნობილ ჟურნალისტს, მხატვარს, პოეტს, რედაქტორს და გამომცემელს,  სოციალურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ პაატა ნაცვლიშვილს. მის მრავალმხრივ მოღვაწეობაში გამოკვეთილად შთამბეჭდავია  საქართველოს ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი წვლილი. დიდი მუშაობა გასწია  სეოკ-ის დაფუძნების საორგანიზაციო კომიტეტში,  დამფუძნებელ კონფერენციაზე კი დელეგატების წინაშე წარსდგა ვრცელი და შთამბეჭდავი მოხსენებით.

უაღრესად ფასეული იყო მისი გარჯა ახალშექმნილი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზაციულად განმტკიცებასა და საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლებაში. როგორც სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მნიშვნელოვანი წილი დაიდო საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან და სხვა ორგანიზაციებთან  საქმიანი კავშირების ჩამოყალიბებაში.

1990-იანი წლებიდან მოყოლებული,  პაატა ნაცვლიშვილი ჟურნალისტის რანგში არაერთხელ დასწრებია ოლიმპიურ თამაშებს, მის მაღალპროფესიულ, ნოვაციურ რეპორტაჟებს კი საყოველთაო მოწონება დაუმსახურებია.  განსაკუთრებული და გამორჩეულია ის წვლილი, რომელიც პაატა ნაცვლიშვილმა შეიტანა ოლიმპიზმის პოპულარიზაციაში, ოლიმპიური განათლების გავრცელებაში, ქართველ ოლიმპიელთა მიღწევების წარმოჩენაში. ის არის ოლიმპიურ თემატიკაზე შექმნილი არაერთი წიგნის, მრავალი სტატიისა და გამოკვლევის ავტორი. სწორედ მისი საუკეთესო ნაშრომების კრებულია ხუთტომეული - „ხუთი რგოლი საქართველოსთვის," რომელიც გამოიცა სეოკ-ის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით. მისი რედაქტორობით გამოდის ოლიმპიური მოძრაობის მემატიანე - ჟურნალი "ოლიმპიელი". თოთოეულ მის პუბლიკაციაში იგრძნობა ოლიმპიური მოძრაობის ისტორიის ღრმა ცოდნა და იშვიათი ჟურნალისტური ოსტატობა.

პაატა ნაცვლიშვილის თაოსნობით დაფუძნდა კულტურული ოლიმპიადის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, მოეწყო არაერთი გამოფენა. განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები, გამოიცა საფოსტო მარკები, რომელთა შორის თვალსაჩინოა სპორტულ-ოლიმპიური თემატიკა.

სახელმწიფო ჯილდოებთან ერთად, არის ოლიმპიური ორდენისა და მედლის კავალერი.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი გულითადად ულოცავს პაატა ნაცვლიშვილს 70  წლის იუბილეს, უსურვებს მას ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, ოჯახურ ბედნიერებას და ახალ წარმატებებს მის მრავალმხრივ საქმიანობაში.

 

                                              საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი