გიორგი შოთაძემ 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, გიორგი თოხაძემ კი - ბრინჯაოსი

19 ოქტომბერი 2022

პონტევედრაში (ესპანეთი) მიმდინარე 23-წლამდელ  ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედლები მოიპოვა.

მსოფლიო ჩემპიონატი შედეგიანი გამოდგა გიორგი შოთაძისთვის (63 კგ) და გიორგი თოხაძისთვის (55 კგ). შოთაძემ ისრაელელი, სომეხი და უკრაინელი მეტოქეების დამარცხების შემდეგ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველ ფალავანს ირანელ იმან ჰოსეინ მოჰამადისთან მოუწია ურთიერთობის გარკვევა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია, 0:8 დამარცხდა  და ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა.

რაც შეეხება გიორგი თოხაძეს, მან  მესამე ადგილისთვის შეხვედრაში იაპონელი კენ მაცუის პირველივე პერიოდში აშკარა უპირატესობით - 8:0 მოუგო და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.

საქართველოს ნაკრები ახლოს იყო მესამე მედალთანაც, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში ბექა მელელაშვილი (87 კგ) პოლონელ შიმონ შიმონოვიჩთან 1:4 დამარცხდა.