ოლიმპიური მოძრაობა რუსეთს და ბელარუსს სანქციებს უგრძელებს

19 ოქტომბერი 2022

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი რუსი და ბელარუსი სპორტსმენებისთვის რუსეთის მხრიდან უკრაინაში დაწყებული ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების გამო დაწესებული სანქციების გაგრძელების შესახებ იუწყება.

IOC-ის პრეზიდენტმა ამის თაობაზე განაცხადა სეულში მიმდინარე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის (ANOC) გენერალურ ასამბლეაზე.

"გადაუჭრელი დილემის წინაშე აღმოვჩნდით. დღეს ჩვენ არ შეგვიძლია სრულიად შევასრულოთ ჩვენი ოლიმპიური მისია, რომელიც სპორტსმენთა დაცვისკენ და სპორტული შეჯიბრებების მეშვეობით მსოფლიოს გაერთიანებისკენ არის მიმართული.

ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით პოზიციას, როდესაც ერთი ქვეყნის სპორტსმენები პოლიტიკური მიზეზებით უარს ამბობდნენ სხვა ქვეყნის სპორტსმენებთან ასპარეზობაზე. მაგრამ ახლა ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ ჩვენი მისიის შესრულება გაგვეგრძელებინა, იყო საერთაშორისო ფედერაციებისთვის მიგვეცა რეკომენდაცია, შეჯიბრებებზე არ დაეშვათ სპორტსმენები მხოლოდ მათი პასპორტის გამო. ეს ნაბიჯი იმიტომ გადავდგით, რომ დავიცვათ საერთაშორისო სპორტული სისტემა სპორტის სრული პოლიტიზაციისგან."

თომას ბახის განცხადებით, სოკ-ი მტკიცედ  დაიცავს მთავარ ღირებულებებს, იმის მიუხედავად, რომ  ცალკეული ორგანიზაციები ცდილობენ პროპაგანდისტული საშუალებებით დაუპირისპირდნენ სპორტული თანამეგობრობის მიერ მიღებულ ზომებს და სანქციებს.  „შესაბამისი ზომების მიღების მიზეზები ჯერაც არ აღმოფხვრილა და, მაშასადამე, სანქციების მოხსნის დრო არ დამდგარა. მიჰყევით ჩვენს რეკომენდაციებს" - მიმართა შეკრებილებს სოკ-ის პრეზიდენტმა.