დიეგო ჩხიკვაძემ და ბექა გურულმა 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

20 ოქტომბერი 2022

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 23-წლამდელთა ნაკრებმა პონტევედრაში (ესპანეთი) მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა. ჩემპიონატის ბოლო დღეს ჩვენს გუნდს ორი მედალი შეემატა - დიეგო ჩხიკვაძემ (63 კგ) და ბექა გურულმა (82 კგ)ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ჩხიკვაძე შეჯიბრებას საკვალიფიკაციო ეტაპიდან შეუდგა. პირველ შეხვედრაში ინდოელი მეტოქე დაამარცხა, შემდეგ - ნორვეგიელი და უნგრელი, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია ნახევარფინალში, სადაც მომავალ ჩემპიონთან, ირანელ სეიედ სოჰრაბისთან 3-6 დამარცხდა.

ქართველმა ფალავანმა ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელა გამოსვლა და წარმატებითაც იასპარეზა. კოლუმბიელი იულიან სტივენ ორტა აჩევედოს 3-1 მოუგო და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.

მერვედფინალიდან შეუდგა ასპარეზობას გურული. დაამარცხა მოლდაველი და ყირგიზი მოწინააღმდეგეები, მაგრამ ნახევარფინალში 5-6 წააგო ხორვატ კარლო კოდრიჩთან.

გურულმა მესამე ადგილისთვის გააგრძელა შეხვედრა, სადა თურქ ალი ჰალილ ჰუნჩს აშკარა უპირატესობით - 9-0 მოუგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ერთი დღით ადრე პონტევედრას ხალიჩაზე ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა გიორგი შოთაძემ (63 კგ), ხოლო გიორგი თოხაძემ (55 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ 23-წლამდელებში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს ევროპის ჩემპიონის რანგში ეწვია. პლოვდივის ევროპის პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა 10-დან 7 წონითი კატეგორიის ფინალში იასპარეზა. მოიპოვა 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი. საერთო გუნდურ ჩათვლაში კი პირველი ადგილი დაიკავა.