20 და 23-წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები წარმატებით ასპარეზობს

20 ოქტომბერი 2022

დურესში (ალბანეთი) მიმდინარე 20 და 23-წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები წარმატებით ასპარეზობს.

20-წლამდელებში საუკეთესო შედეგს მიაღწია საბა ასანიძემ (81 კგ). ატაცში ვერცხლის და აკვრაში მოპოვებული ოქროს მედლით ორჭიდის ჯამში (328 კგ) ჩემპიონობა იზეიმა.

ერთი დღით ადრე, ასევე ჩემპიონი გახდა მისი უფროსი ძმა კახი ასანიძე (73 კგ). 23- წლამდელებში მოასპარეზე მომავალმა ჩემპიონმა მეორე ადგილი დაიკავა ატაცში. უკეთ გამოვიდა აკვრაში და პირველ ადგილზე გავიდა. ორჭიდის ჯამში დაგროვილი 322 კილოგრამით კი ჩემპიონობა მოიპოვა.

მედლებია გოგონათა ნაკრების ანგარიშზეც. 20-წლამდელებში მოასპარეზე მარიამ მაისურაძეს (49 კგ) ატაცში ვერცხლის, აკვრაში კი ბრინჯაოს მედლები ერგო. ორჭიდის ჯამში დაგროვილი 158 კილოგრამით კი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ნაკრების წარმატებაში საკუთარი წვლილი შეიტანა გურამ გიორბელიძემაც (67 კგ), რომელმაც 20-წლამდელებში გამოსვლა აკვრაში მოგებული ბრინჯაოს მედლით დაასრულა.