გიორგი ელბაქიძე და ვლადიმერ გამყრელიძე მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ

23 ოქტომბერი 2022

პონტევედრაში (ესპანეთი) მიმდინარე 23-წლამდელ თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე მედლების პირველი ხუთი კომპლექტიდან საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა - გიორგი ელბაქიძემ (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) ჩემპიონობა იზეიმეს.

ელბაქიძე ასპარეზობას მერვედფინალიდან შეუდგა. აშკარა უპირატესობით დაამარცხა შრი ლანკელი მეტოქე, შემდეგ 5-4 გაუმკლავდა აზერბაიჯანელ მოწინააღმდეგეს, ასევე აშკარა უპირატესობით მოუგო ყირგიზ მოჭიდავეს და ფინალში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა. ელბაქიძემ საჩემპიონო შეხვედრაში 8-4 დაამარცხა ირანელი ამირმოჰამად ბაბაკ იაზდანიჩერატი და საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

აღსანიშნავია, რომ ელბაქიძემ წლეულს ამავე ასაკობრივ ჯგუფში ევროპის ჩემპიონობაც მოიპოვა.

საკვალიფიკაციოდან ჩაერთო შეჯიბრებაში ვლადიმერ გამყრელიძე. 14-7 დაამარცხა შვეიცარიელი მეტოქე, 7-5 მოუგო სომეხ მოწინააღმდეგეს, 4-0 გაიმარჯვა ისრაელელ თანატოლთან, შემდეგ 9-6 გაუმკლავდა ბერძენ ფალავანს და ფინალშიც გავიდა.

მომავალმა ჩემპიონმა ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ყაზახ დაულეტიერგეშს 5-3 მოუგო და კვარცხლბეკის პირველ საფეხურზეც ავიდა.

დღესვე თითო მოგება დააკლდათ ბრინჯაოს მედლებამდე გიორგი გეგელაშვილს (57 კგ) და ანდრო მარგიშვილს (97 კგ).