ღვინიაშვილმა გრან სლემი ოქროს მედლით დაასრულა, სომხიშვილმა - ვერცხლის მედლით

23 ოქტომბერი 2022

აბუ დაბის გრან სლემის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებმა მედალი მოიპოვა როგორც კაცებში, ისე ქალებში. ბექა ღვინიაშვილმა ოქროს მედალი დაიმსახურა, სოფიო სომხიშვილს კი უმაღლესი სინჯის მედლამდე ნაბიჯი დააკლდა.

ღვინიაშვილი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაება. წმინდა გამარჯვება მოიპოვა აზერბაიჯანელ ვუგარ თალიბოვთან, შემდეგ გაფრთხილებებით დაამარცხა ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვაჰიდ ბორჩაშვილი, იპონით მოუგო ბერძენ თეოდოროს ცელიდის, ნახევარფინალში გასული კი, ოქროს ქულით გაუმკლავდა სერბ ნემანია მაიდოვს. ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელმა ქართველმა ძიუდოისტმა გადამწყვეტ შეხვედრაში ფრანგ ლორის ტასიეს ჯერ ვაზარი აართვა და შემდეგ ასევე ვაზარით წმინდა გამარჯვებამდე მიიყვანა საქმე და საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა.

ფინალამდე გაიკვალა გზა სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ). ქართველმა მძიმეწონოსანმა პირველ წრეში ტრინიდადი და ტობაგოს წარმომადგენელ გაბრიელა ვუდს იპონით მოუგო, ვაზარით დაამარცხა ფრანგი ლეა ფონტეინი, ასევე ვაზარით მოუგო პორტუგალიელ როშელ ნუნიეს, ფინალში კი ჩინელ სინ სუსთან ორი ვაზარით დამარცხდა და გრან სლემი ვერცხლის მედლით დაასრულა.

ერთი დღით ადრე ქალთა ნაკრებიდან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ), გრან სლემის პირველ დღეს კი ჩემპიონობა იზეიმა გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ).

საქართველოს ნაკრებმა კაცთა და ქალთა საერთო ჩათვლაში 2 ოქროს და თითო ვერცხლის და ბრინჯაოს მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.