ირაკლი ჩხეიძემ ჩემპიონობა მოიპოვა, ნათია გადელიამ - ვერცხლი

23 ოქტომბერი 2022

დურესში, 20 და 23-წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გოგონათა და ვაჟთა ნაკრების წარმომადგენლები წარმატებით აგრძელებენ გამოსვლას. საუკეთესო შედეგით დაასრულა შეჯიბრება ირაკლი ჩხეიძემ (102 კგ).

23 წლამდელებში მოასპარეზე მომავალმა ჩემპიონმა ატაცში 165 კილოგრამით ოქროს მედალი მოიპოვა. საუკეთესო იყო აკვრაშიც, სადაც 216 კილოგრამი დაიმორჩილა, პარალელურად ევროპის რეკორდი ერთი კილოგრამითაც გააუმჯობესა და ორივე მოძრაობაში დაგროვილი 381 კილოგრამით ორჭიდშიც გაიმარჯვა.

კვარცხლბეკის პირველ საფეხურამდე ნაბიჯი დააკლდა ნათია გადელიას (87 კგ). გოგონათა ნაკრების წევრმა 20-წლამდელთა შორის ატაცში 94 კილოგრამი დაძლია, აკვრაში - 115 კილოგრამი და ორივე შემთხვევაში, ვერცხლის მედლები ერგო. ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა ორჭიდში დაგროვილი 209 კილოგრამითაც.

20-წლამდელებში ატაცში (153 კგ) დაკავებული მესამე ადგილით საქართველოს ნაკრების წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა გურამ ვეკუამაც (102 კგ).