23-წლამდელთა ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს

24 ოქტომბერი 2022

პონტევედრაში (ესპანეთი), 23 წლამდე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა.

ჩემპიონობასთან ახლოს იყო სოლომონ მანაშვილი. ქართველი მძიმეწონოსანი ასპარეზობას მერვედფინალიდან შეუდგა. პირველ შეხვედრაში აშკარა უპირატესობით - 10-0 დაამარცხა იაპონელი კაი შუტო, 16-4 მოუგო ამერიკელ ენტონი კასიოპის, შემდეგ ასევე აშკარა უპირატესობით (10-0) გაიმარჯვა უკრაინელ იური იძინსკისთან, მაგრამ საჩემპიონო შეხვედრაში 2-13 დამარცხდა ირანელ ამირეზა ფარდინ მასუმი ვალადისთან.

ბრინჯაოს მედლით დაასრულა მსოფლიო ჩემპიონატი მირიან მაისურაძემ (92 კგ), რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინელი დენის საჰალიუკი 5-3 დაამარცხა.

ერთი დღით ადრე ჩემპიონობა მოიპოვეს გიორგი ელბაქიძემ (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ).

ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლით საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა.