საქართველოს ძალოსანთა მორიგი მედლები

25 ოქტომბერი 2022

20 და 23 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც ალბანეთის დურესი მასპინძლობს, საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა მორიგი მედლები დაისაკუთრა.

23-წლამდელებში მოასპარეზე ზაზა ლომთაძემ (109 კგ) ატაცში 164 კილოგრამის დაძლევით ვერცხლის მედალი მოიპოვა. უკეთ გამოვიდა აკვრაში, სადაც 205 დაიმორჩილა და პირველი ადგილი ერგო. კვარცხლბეკის პირველი საფეხური დაიკავა ორჭიდში დაგროვილი 369 კილოგრამითაც.

ამავე წონაში იასპარეზა აკაკი ტალახაძემ, რომელმაც აკვრაში 199 კილოგრამის დაძლევით ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

იგივე წონაში, ოღონდ 20-წლამდელებში მედლები მოიპოვა გიორგი კირვალიძემ.

მას ატაცში 157 კილოგრამის დაძლევით მეხუთე შედეგი ჰქონდა. ბევრად უკეთ გამოვიდა აკვრაში, სადაც 194 კილოგრამის დამორჩილებით მესამე ადგილზე გავიდა. ასევე მესამე ადგილზე გავიდა ორჭიდში დაგროვილი 351 კილოგრამით.