სეოკ-ის მილოცვა დავით გობეჯიშვილს

60 წელი შეუსრულდა სახელოვან ფალავანს დავით გობეჯიშვილს - თავისუფალ ჭიდაობაში სეულის 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს და ბარსელონის 1992 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს და მსოფლიოს თასის სამგზის მფლობელს, ევროპისა და კეთილი ნების თამაშების ჩემპიონს, არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულს.
მართლაც შთამბეჭდავია დავით გობეჯიშვილის სპორტული გზა, რომელიც ონიდან დაიწყო და ოლიმპიური ტრიუმფით დასრულდა. ამ გზაზე მას არაერთი დაბრკოლება და სირთულე შეხვედრია, მაგრამ მტკიცე ნებისყოფის, დაუღალავი შრომისა და თავდადების წყალობით, ყველა წინააღმდეგობა დაძლია და ერთ-ერთ უძლიერეს მოჭიდავედ მოგვევლინა მთელ მსოფლიოში. თან ეს შეძლო ყველაზე პრესტიჟულ - მძიმე წონით კატეგორიაში, სადაც კონკურენცია განსაკუთრებით მძაფრია, გამარჯვება კი - გამორჩეულად საპატიო.
დავით გობეჯიშვილმა ღირსეულად გააგრძელა ქართული საჭიდაო სკოლის სახელოვანი ტრადიცია, ლეგენდარული ფალავნების დაწყებული საქმე და თავადვე იქცა ჩვენი სპორტის ლეგენდად. მას პატივს სცემენ და აფასებან არა მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა სპორტული მწვერვალი დაპყრო და დიდი სპორტული გამარჯვებების ავტორად მოგვევლინა. იმიტომაც, რომ სპორტისშემდგომი ცხოვრების დიდი ნაწილი ისევ სპორტს ემსახურა, როგორც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, სპორტის სახემწიფო დეპარტამენტისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ჩვენი სპორტის დიდი გულშემატკივარი. დავით გობეჯიშვილის ცხოვრებისეული გზა, მისი სპორტული მიღწევები ერთგვარი მაგალითია და ამავდროულად სტიმულის მიმცემია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ სპორტში და დიდ ჩემპიონობაზე ოცნებობენ.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი გულითადად ულოცავს დავით გობეჯიშვილს 60 წლის იუბილეს და ყოველივე საუკეთესოს უსურვებს.