23 წლამდე ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლით გუნდური მეორე ადგილი დაიკავა

30 ოქტომბერი 2022

საქართველოს 23-წლამდელ ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

საქართველოს ნაკრებისთვის შედეგიანი 90, 100 და +100 კილოგრამ წონითი კატეგორიები გამოდგა.

ნიკა ხარაზიშვილი (90 კგ) ასპარეზობას პირველი წრიდან შეუდგა. იუნიორებში ოქროს, კადეტებში კი ვერცხლის მედლის მფლობელმა ქართველმა ძიუდოისტმა ოქროს ქულით დაამარცხა ნიდერლანდელი მეტოქე, შემდეგ წმინდა გამარჯვებები მოიპოვა ხორვატ, ფრანგ და ისრაელელ თანატოლებთან, საჩემპიონო შეხვედრაში კი უკრაინელი მარატ კრიჟანსკის იპონით მოუგო და საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა.

ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ვერცხლის, უფროსებში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ილია სულამანიძე (100 კგ) ჩემპიონატში მეორე წრიდან ჩაება. წმინდა გამარჯვებები მოიპოვა სლოვაკ, გერმანელ და იტალიელ თანატოლებთან, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ასევე იპონით დაამარცხა უნგრელი ჟომბორ ვეგი და ჩემპიონობა მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა მძიმე წონაც. იუნიორებში მსოფლიო ჩემპიონმა, ამავე ასაკობრივ ჯგუფში ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელმა საბა ინანეიშვილმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში გერმანელი იონას შრეიბერი გაფრთხილებების ხარჯზე დაამარცხა და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.

საქართველოს ნაკრებმა ვაჟთა საერთო ჩათვლაში 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლით გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.