რომში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ცეცხლი დაინთო

05 ნოემბერი 2022

2023 წლის ფრიული-ვენეცია-ჯულიას ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის (EYOF) რომში, მშვიდობის საკურთხეველთან მშვიდობის ცეცხლი დაინთო.

ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალამდე 80 დღით ადრე ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC), იტალიის მთავრობის, იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (CONI), საორგანიზაციო კომიტეტის და რომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები შეიკრიბნენ ღონისძიებაზე, რათა საგანგებოდ აღენიშნათ ეს მნიშვნელოვანი მოვლენა.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომში მშვიდობის საკურთხეველთან ერთხელაც ვუმასპინძლოთ ამ სიმბოლურ ღონისძიებას, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულია, მაგრამ დღეს ეს ისტორიული ადგილი უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, რამეთუ მომავალ წელს, ზამთრის პირველი ოლიმპიური ფესტივალიდან 30 წლის შემდეგ EYOF-ს კვლავ უმასპინძლებს ვალე-დ'აოსტა," - დელეგატებს მიმართა EOC-ის პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა და ოქროს ზეთის ხილის სკულპტურა, როგორც მშვიდობისა და მეგობრობის სიმბოლო, გადასცა ფრიული-ვენეცია-ჯულიას რეგიონის პრეზიდენტს მასიმილიანო ფედრიგეს და საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტს მაურიციო დუნჰოფერს. 

გადაცემის ცერემონიის შემდეგ ბიატლონში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალოსანმა სარა სკატოლომ ჩირაღდანში ცეცხლი აანთო, კაპრალოსმა კი  ჩირაღდანი გადასცა ფედრიგეს და დუნჰოფერს.იქვე სტარტი მიეცა საფესტივალო ჩირაღდნის მოგზაურობას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.

ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე (21-28 იანვარი) 2 300 სტუმარს ელიან, მათ შორის ევროპის 47 ქვეყნის 14-დან 18-წლამდე ასაკის 1300 სპორტსმენს, რომლებიც მედლებისთვის სპორტის 14 სახეობაში იბრძოლებენ. მათ შორის იქნებიან საქართველოს წარმომადგენლებიც.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ზამთრის მომდევნო ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს 2025 წელს ბაკურიანი უმასპინძლებს.