სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა

17 ნოემბერი 2022

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა  სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელსაც უძღვებოდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი ძირითადი საკითხი.

ევროპის ახალგაზრდულ  ოლიმპიურ ფესტივალში (სლოვაკეთი, ბანსკა-ბისტრიცა, ივლისი, 2022წ.) ქართველ სპორტსმენთა გამოსვლის შედეგებისა და ქვეყანაში ახალგაზრდული სპორტის განვითარების საქმეში თბილისი-2015 მემკვიდრეობისა და გამოცდილების გამოყენების ეფექტურობის შესახებ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ზოგადად, ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველ სპორტსმენთა მიერ ნაჩვენები  შედეგი ( 2 ოქრო, 5 ბრინჯაო ინდივიდუალურ შეჯიბრებაში და 1 გუნდური ბრინჯაო) მიჩნეული იქნა დამაკმაყოფილებლად, აღინიშნა ახალგაზრდა ძიუდოისტთა ტრადიციულად წარმატებული გამოსვლა.  სეოკ-ის აღმასკომი მიიჩნევს, რომ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მხოლოდ მონაწილეობა არ უნდა იყოს ფედერაციების და სეოკ-ის თვითმიზანი - საჭიროა გამკაცრდეს ფესტივალში მონაწილეების კრიტერიუმები, ამაღლდეს მომთხოვნელობა როგორც სპორტსმენების, ისე მწვრთნელების მიმართ.

აღმასრულებელ კომიტეტზე იმსჯელეს  2025 წელს ბაკურიანში ჩასატარებელი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის შესახებ.

სეოკ-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებით 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში გასამართ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის (ზამთრის სახეობები) საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარედ ერთხმად დაამტკიცა  სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტის მამუკა ხაბარელის კანდიდატურა.

მამუკა ხაბარელმა ორი კვირის ვადაში სეოკ-ის აღმასკომის საგანგებო სხდომაზე დასამტკიცებლად უნდა  წარუდგინოს:

ა) დაინტერესებულ სტრუქტურებთან შეთანხმებული, საშეჯიბრო ლოკაციებისა და ღონისძიებების სპეციფიკის გათვალისწინებით საორგანიზაციო კომიტეტის პერსონალური შემადგენლობა;

ბ) საორგანიზაციო კომიტეტის სტრუქტურა;

გ) ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებთან, საქართველოს შესაბამის პროფილერ სამინისტროსა და სეოკ-ის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული წინადადება საფესტივალო კონტრაქტის ხელმოწერის თარიღისა და ადგილის შესახებ.

დღევანდელ აღმასრულებელი კომიტეტის  სხდომაზე დამტკიცდა  III ევროპული თამაშებისთვის საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მზადებისა და მასში მონაწილეობის გეგმა. ასევე  დამტკიცდა 2022 წლის სეოკ-ის საანგარიშო სესიის დღის წესრიგი და სესიის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 21 დეკემბერი.

აღმასკომზე იმსჯელეს  სეოკ-ის წესდების IV თავის 1.1.1. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად სეოკ-ის აღმასკომის უფლებამოსილების ფარგლებში საანგარიშო სესიაზე წარსადგენი სეოკ-ის სუბიექტთა და პერსონალურ პირთა განსაზღვრის შესახებ. სეოკ-ის წესდების IV თავის 1.1.1. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად 2022 წლის 21 დეკემბერს დანიშნული საანგარიშო სესიის მუშაობაში ხმის უფლებით მონაწილეობის მისაღებად მოწვევა გაეგზავნებათ:

ა) სპორტის არაოლიმპიურ სახეობათა შემდეგ ფედერაციებს: მკლავჭიდი, სამბო, ქართული ჭიდაობა, უშუ, ჭადრაკი.

ბ) ქართულ ოლიმპიურ მოძრაობაში განსაკუთრებული დამსახურებისთვის: ნონა გაფრინდაშვილს, დავით გობეჯიშვილს, გელა კეტაშვილს, თენგიზ გაჩეჩილაძეს.

სხდომას ესწრებოდნენ სხვადასხვა სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები.