სპორტის მენეჯმენტის კურსდამთავრებულებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დიპლომები გადაეცათ

09 დეკემბერი 2022

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სპორტის მენეჯმენტის კურსების წარმატებულ კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის ცერემონია.

სპორტის სხვადასხვა სახეობაში სპორტული ორგანიზაციის 17 წარმომადგენელს ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დიპლომები გადასცეს სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა და გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა.

სპორტის მენეჯმენტის რიგით მე-9 კურსები, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით ჩატარდა. პროექტი მიზნად ისახავს სპორტულ ორგანიზაციებში, ეროვნულ ფედერაციებსა და სპორტის სფეროში დასაქმებული სპეციალისტების, მწვრთნელებისა და მოხალისეების კვალიფიკაციის ამაღლებას ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვის ძირითად საკითხებზე.

2022 წლის პერიოდში სპორტის მენეჯმენტის კურსების მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პროგრამით გათვალისწინებულ 6 თემაზე, კერძოდ, ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვა, სტრატეგიული მართვა, ადამიანური რესურსებისა და ფინანსების მართვა, მარკეტინგი და მასშტაბური სპორტული ღონისძიების ორგანიზება.

სპორტის მენეჯმენტის უმაღლეს კურსებს უძღვებოდნენ სოკ-ის მიერ სერტიფიცირებული პროგრამის დირექტორი, სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური, ოლიმპიური კომიტეტისა და მოწვეული ექსპერტები.