ლაშა ტალახაძემ ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონობა

17 დეკემბერი 2022

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დაასრულა. ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს ჩემპიონატებზე ხუთწლიანი წარმატებული სვლა ზედიზედ მეექვსე ოქროს მედლით გააგრძელა და გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც დამოუკიდებელი თუ ყოფილი საბჭოთა საქართველოს ისტორიაში, განურჩევლად ოლიმპიური სახეობისა, ყველაზე მეტჯერ მოიპოვა უმაღლესი ჯილდო.

ლაშა ტალახაძე (+109 კგ) საუკეთესო იყო ატაცში, სადაც 215 კილოგრამი დაძლია, ასევე პირველი იყო აკვრაში, სადაც 251 კილოგრამი დაიმორჩილა და შედეგად ორჭიდში დაგროვილი 466 კილოგრამით სხვათათვის მიუწვდომელი აღმოჩნდა.ყველაზე ტიტულიანი ქართველი ძალოსანი წლეულს ასევე ზედიზედ მეექვსედ გახდა ევროპის ჩემპიონი.

ერთი დღით ადრე აკვრაში და ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედლები მოიპოვა გიორგი ჩხეიძემ (109 კგ).

საქართველოს ნაკრებმა ქულებით გუნდური მეორე ადგილი დაიკავა, მედლებით კი -მესამე.