სეოკ-ის საანგარიშო სესია და 2022 წლის სპორტული შედეგებით საუკეთესოთა დაჯილდოების ცერემონიალი

21 დეკემბერი 2022

დღეს სასტუმრო ,,პულმან თბილისი აქსის თაუერსში" ჩატარდა სეოკ-ის საანგარიშო სესია.

სესიაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.

სესიის დელეგატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 2022 წელს გარდაცვლილ სპორტულ მოღვაწეთა და სპორტსმენთა ხსოვნას.

დამსწრე საზოგადოებას სეოკ-ის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა. მან მომოიხილა გასული სპორტული სეზონის ოლიმპიურ და სხვა მნიშვნელოვან შეჯიბრებებში ქართველ სპორტსმენთა შედეგები, ისაუბრა სეოკ-ის მიერ განხორციელებულ პროექტებზე, მომავალი დიდი ტურნირებისთვის მზადების მიმდინარეობაზე, ბაკურიანში 2025 წელს გასამართ ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე და სხვა საკითხებზე.

მომხსენებელმა უპირველესად გამოყო ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშები, რომელსაც ჩინეთის დედაქალაქმა თებერვალში უმასპინძლა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს თამაშები ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისა გამოდგა. ჯერ ერთი, პეკინში საქართველო, ადრინდელ ოლიმპიადებთან შედარებით, ყველაზე მრავალრიცხოვანი დელეგაციით - 9 სპორტსმენით წარდგა, თანაც ფიგურული ციგურაობის ოთხივე დისციპლინაში და გუნდურ შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლებით და, რაც მთავარია, ისტორიული შედეგი აჩვენა: ჩვენმა მოციგურავეებმა გუნდურ ტურნირში მე-6 ადგილი დაიკავეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. ამას გარდა, ათეულში ასევე მოხვდნენ კარინა საფინა/ლუკა ბერულავას წყვილი (IX ადგილი) და მორის ყვითელაშვილი (X ადგილი).

პეკინში ნაჩვენები შედეგი, რასაკვირველია, მეტად მნიშვნელოვანი და დამაიმედებელია, მაგრამ ახალი სიმაღლეების დასაძლევად, ან თუნდაც იმისთვის, რომ უკვე მიღწეული შევინარჩუნოთ, განსაკუთრებული ძალისხმევის გამოჩენა გვმართებს. მათ შორის - გრძელვადიანი პროექტების ამოქმედება, ჩვენი ბუნებრივი რესურსების მაქსიმალური გამოყენება, საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოება, აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა, კვალიფიციური მწვრთნელ-სპეციალისტების მობილიზება და ჩვენი ახალგაზრდობის დაოსტატებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.

მომხსენებელმა ასევე ისაუბრა სლოვაკეთში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, სადაც საქართველომ 48 ქვეყნის წარმომადგენლებს შორის 8 მედლით ( 2 ოქრო, 6 ბრინჯაო) არაოფიციალურ ჩათვლაში გუნდური 23-ე ადგილი დაიკავა. ჩვენ გავასწარით არაერთ წარმატებულ სპორტულ ქვეყანას, მათ შორის - ბელგიას, შვეიცარიას, ავსტრიას, პორტუგალიას, ნორვეგიას და სხვებს, მოპოვებული მედლების რაოდენობით კი ფესტივალის მასპინძელ სლოვაკეთსაც ვაჯობეთ.

2025 წელს ჩვენს ქვეყანაში უნდა ჩატარდეს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. მთავრობამ უკვე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, დავიწყეთ ზრუნვა საორგანიზაციო საკითხებზე, შევიმუშავეთ წინასწარი ბიუჯეტი, ახლო მომავალში თბილისში გვესტუმრება ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი სპიროს კაპრალოსი, ხელი მოეწერება შესაბამის ხელშეკრულებას, ახალი წლიდან კი ფესტივალისთვის მზადება მთელი ძალით გაჩაღდება.

საქართველოს მთავრობასთან, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ ღირსეულად ვუმასპინძლოთ ოლიმპიურ ფესტივალს და ვაჩვენოთ მაღალი სპორტული შედეგები.

მანამდე, ახალ ოლიმპიურ ციკლში, ჩვენ გველოდება არაერთი ძალზე მნიშვნელოვანი შეჯიბრება, მათ შორის 2023 წელს - მესამე ევროპული თამაშები და ქვიშის სპორტის მეორე მსოფლიო თამაშები, ევროპის ზამთრისა და ზაფხულის ახლგაზრდული ოლიმპიური ფესტივალები, 2024 წელს კი ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს მოსდევს ოთხწლეულის მთავარი შეჯიბრება - ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშები.

სეოკ-მა შეიმუშავა მე-3 ევროპული თამაშებისთვის საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მზადებისა და მონაწილეობის გეგმა, რომელიც დაამტკიცა სეოკ-ის აღმასკომმა. ამ გეგმაში დეტალურად არის აღწერილი ცალკეული საკითხები, რომელთა შესრულებაზეც იზრუნებს სეოკ-ის ადმინისტრაცია და სპეციალური სამუშაო ჯგუფი სპორტული ფედერაციების, სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების, მწვრთნელების და ტექნიკური პერსონალის აქტიური ჩართულობით, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით.

ლერი ხაბელოვმა ყურადღება გაამახვილა 2023 წელს სპორტის ოლიმპიურ სახეობებში გასამართი საწვრთნელი შეკრებებსა და შეჯიბრებებზე, რომლებიც უნდა განვიხილოთ მომავალი ოლიმპიური თამაშების ჭრილში და უნდა ემსახურებოდეს ერთ მთავარ ამოცანას - რაც შეიძლება მეტი ოლიმპიური ლიცენზიის აღებას და მყარი საფუძვლის მომზადებას პარიზში წარმატებული გამოსვლისთვის. სპორტის რამდენიმე სახეობაში უკვე დაიწყო სალიცენზიო ქულების განაწილების პროცესი, თუმცა ამ თვალსაზრისით გადამწყვეტი იქნება სწორედ 2023 წელი - ამ პერიოდში დაგეგმილი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები, ევროპული თამაშები და პირდაპირი სალიცენზიო ტურნირები.

მომხსენებელმა გაიხსენა წინა ოლიმპიური თამაშები, ჩვენი სპორტსმენების ღირსეული გამოსვლა ტოკიოში და იქ მოპოვებული დიდი წარმატება - 8 ოლიმპიური მედალი, მათ შორის 2 უმაღლესი ჯილდო, საერთო გუნდურ ჩათვლაში დაკავებული 33-ე ადგილი. ეს იყო მართლაც ისტორიული შედეგი, რომელსაც ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით, ხელისუფლების უპრეცედენტო მხარდაჭერით მივაღწიეთ.

რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოება, სპორტის გულშემატკივრები ჩვენგან მოელიან ახალ გამარჯვებებს, მათ შორის, უპირველესად, სწორედ პარიზის ოლიმპიადაზე. ამჯერადაც ჩვენი ორიენტირი უნდა იყოს წინა თამაშების შედეგები, მიზანი კი - ამ შედეგების გაუმჯობესება. ცხადია, რომ ამ ამოცანის შესრულება ძალზე რთული იქნება, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობების სრულად ამოქმედებით, პრიორიტეტების სწორად შერჩევით, რესურსების ოპტიმალურად განაწილებით და, რაც მთავარია, ყოველდღიური დაუღალავი შრომით უნდა მივაღწიოთ საწადელს.

2022 წელს რამდენიმე სახეობაში, მათ შორის - ძიუდოში, ძალოსნობაში, ჭიდაობაში, ფარიკაობაში, კრივში, მნიშვნელოვანი გამარჯვებებია მოპოვებული ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, მსოფლიოს თასზე და სხვა დიდ ტურნირებზე, რაც მეტნაკლებად დამაიმედებელია. თუმცა, წინა ოლიმპიური ციკლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წლევანდელი შედეგები დაბალია სპორტის მთელ რიგ სახეობებში. საუბარია სწორედ იმ სახეობებზე, რომლებსაც, ტრადიციულად, ყველაზე მეტი ოლიმპიური მედალი მოაქვთ. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ზოგიერთ დისციპლინაში, მათ შორის - კანოეში გამოჩნდნენ ახალგაზრდა, ნიჭიერი სპორტსმენები, რომლებსაც ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვების და მაღალი ადგილებისთის ბრძოლის პერსპექტივა აქვთ.

ჩვენ, ყველამ ერთად, შედარებით შემჭიდროებულ ვადებში უნდა შევასრულოთ დიდი მოცულობის სამუშაო მრავალი მიმართულებით, რათა მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ მთავარი სპორტული გამოცდისთვის, მოტივირებული და ბრძოლისუნარიანი გუნდით წარვდგეთ პარიზის თამაშებზე, იქიდან კი მაღალი სპორტული შედეგებით დავბრუნდეთ.

მესამე ევროპული თამაშების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სალუქვაძემ. აღინიშნა, რომ ამ თამაშებზე გათამაშდება მედლების 237 კომპლექტი სპორტის 25 სახეობაში, მათ შორის - 19 ოლიმპიურ სახეობაში. შესაბამისად, გათამაშდება 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები, ამას გარდა, უშუალოდ პოლონეთში განაწილდება პარიზი-2024-ის 124 ლიცენზია. ეს იმას ნიშნავს, რომ კრაკოვის სტარტებისთვის მზადება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს უპირველესად სწორედ პარიზის ოლიმპიური თამაშების ჭრილში. ასევე აღსანიშნავია, რომ პოლონეთში სპორტის 10 სახეობაში პარალელურად გათამაშდება ევროპის ჩემპიონატის ინდივიდუალური მედლები, 2 სახეობაში - გუნდური ჩემპიონატის მედლები.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პოლონეთში ჩვენ გვეყოლება 80-85 სპორტსმენი სპორტის 11-13 სახეობაში. სხვა საქმეა, რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება ჩვენი გუნდი და რამდენ სპორტსმენს ექნება პოტენცია, თამაშების მედლებისთვის იბრძოლოს. საქმე ის არის, რომ მნიშვნელოვნად გადახალისდა თამაშების პროგრამა, რომლის ფორმირების პროცესი ძალიან გაჭიანურდა. საბოლოოდ გაირკვა, რომ პროგრამიდან ამოიღეს ჭიდაობის ორივე დისციპლინა და სამბო, ძიუდოში კი მხოლოდ გუნდური მედლები გათამაშდება. არადა, წინა თამაშებზე სწორედ ამ სახეობებში მოვიპოვეთ მედლების აბსოლუტური უმრავლესობა. რაც შეეხება ჩვენთვის მნიშვნელოვან კიდევ ერთ სახეობას - ძალოსნობას, ის წინა ორი თამაშების მსგავსად, ვერც ამჯერად მოხვდა შეჯიბრების პროგრამაში.

ასეთია არასახარბიელო რეალობა, რომლის წინაშეც ჩვენ აღმოვჩნდით მესამე თამაშების დაწყებამდე ნახევარი წლით ადრე. ღიად უნდა ითქვას, რომ კარს მომდგარ ევროპულ თამაშებზე ჩვენ გაგვიჭირდება არათუ წინა შედეგების გამეორება, არამედ - ამ შედეგებთან მიახლოებაც კი. ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ თამაშებამდე დარჩენილი ექვსი თვე, ავამოქმედოთ ყველა რესურსი და ყველა შესაძლებლობა, რათა ევროპული ტურნირის მომავალმა მონაწილეებმა შეძლონ მაღალ დონეზე მომზადება და საუკეთესო შედეგების მოპოვება.

2025 წლის თებერვალში საქართველოში ჩასატარებელი ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალთან დაკავშირებული საკითხების შესახებ დელეგატებს ინფორმაცია მიაწოდა სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ მამუკა ხაბარელმა.

ითქვა, რომ პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო, პროექტი „ბაკურიანი-2025" კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, თუმცა სეოკ-ის ხელმძღვანელთა ძალისხმევამ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ქვეყნის მთავრობის თანადგომამ კარგი შედეგი გამოიღო - ფესტივალი აუცილებლად ჩატარდება დანიშნულ დროს და დანიშნულ ადგილას.

იმისთვის, რომ საქართველომ 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ღირსეულად უმასპინძლოს, მომავალი წლიდან დაიწყება და ჯამში 100 მილიონი ლარი დაიხარჯება.

2023-2024 წლებში დაგეგმილია კონკრეტული ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, რაც მომავალში ქართველ სპორტსმენებს მისცემს შესაძლებლობას, სპორტის კონკრეტულ სახეობებში, უცხოეთის ნაცვლად, საკუთარ ქვეყანაში მოემზადონ.

სეოკ-ის ხელმძღვანელები საორგანიზაციო საკითხებზე სასაუბროდ უკვე შეხვდნენ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტს სპიროს კაპრალოსს და გენერალურ მდივანს რაფაელე პანოცის. ამას მოჰყვა ევროპელი ექსპერტების ვიზიტები სპორტის ზამთრის სახეობებში, მათ შორის - ბიატლონში და ტრამპლინიდან ხტომაში. მათ ერთად მოინახულეს ბაკურიანი, ადგილზე გაეცნენ ვითარებას, დაიგეგმა კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების შემუშავების ვადები, დაზუსტდა შემდგომი თანამშრომლობის დეტალები.

სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი გურამ ძაგანია, სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი რევაზ რობაქიძე, მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მირზა ლიპარტელიანი, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, რომელმაც საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს და მის ხელმძღვანელს ლერი ხაბელოვს ძალოსნობის განვითარების ხელშეწყობისთვის გადასცა სპეციალური ჯილდო.

ოლიმპიური მოძრაობის მხარდაჭერისთვის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ დაჯილდოვდა საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი.

შემდეგ  გაიმართა 2022 წლის სპორტული შედეგებით საუკეთესოთა დაჯილდოების ცერემონიალი.

ღონისძიებას უძღვებოდა ცნობილი სპორტული კომენტატორი დიმიტრი ობოლაძე.

დაბადების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სპეციალური პრიზით დაჯილდოვდნენ 2022 წლის იუბილარი სპორტული მოღვაწეები და ვეტერანი სპორტსმენები- ვაჟა კაჭარავა (85), გურამ კოსტავა (85), რომან რურუა (80), ალექსანდრე ბართაია (80), გივი ონაშვილი (75), ელგუჯა ბერიშვილი (70), პაატა ნაცვლიშვილი (70), ვაჟა დანელია (70), დავით გობეჯიშვილი (60), გიორგი თენაძე (60), ლუკა კურტანიძე (50), რუსუდან ხოფერია (50), ლაშა ლომიძე (50).

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი, რომელმაც 2022 წელს მოიპოვა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ოქროს მედლები, გაიმარჯვა არაერთ საერთაშორისო ტურნირში.

ვიქტორ სანეევის სახელობის სპეციალური პრიზი - ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის გადაეცა ლაშა ტალახაძეს. ჩვენმა სახელოვანმა ათლეტმა ზედიზედ მეექვსედ გაიმარჯვა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში როგორც ორჭიდში, ასევე ატაცსა და აკვრაში.

სხვა ნომინაციებში გამარჯვებულად გამოცხადდნენ:

1. საქართველოს 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ეთერ ლიპარტელიანი.

2. საქართველოს 2022 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობებში - ხვიჩა კვარაცხელია.

3. საქართველოს 2022 წლის საუკეთესო მწვრთნელი - ბეჟან ჭიჭინავა (კრივი)

4. 2022 წლის საუკეთესო მწვრთნელი ქალთა სპორტში - ზაურ სულაშვილი (ბატუტზე ხტომა).

5. 2022 წლის აღმოჩენა ,,ოლიმპიური იმედი" - ანანო აფაქიძე (ბატუტზე ხტომა)

6. 2022 წლის აღმოჩენა ,,ოლიმპიური იმედი" - გიორგი ელბაქიძე (თავისუფალი ჭიდაობა).

7. საქართველოს 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენები სპორტის ზამთრის სახეობებში - კარინა საფინა/ ლუკა ბერულავა.

8. საქართველოს 2022 წლის საუკეთესო სპორტული ფედერაცია-საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაცია.

9. 2022 წელს ოლიმპიური სპორტის მხარდაჭერისთვის - კომპანია ,,ავერსი."

10. 2022 წლის ოლიმპიური თემატიკის საუკეთესოდ გაშუქებისთვის - საქართველოს პირველი არხი

11. 2022 წლის საუკეთესო რეგიონალური ორგანიზაცია - სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია.

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა ბენდი ,, ნონსტოპი".