ტატო გრიგალაშვილმა წლის სპორტსმენობა იერუსალიმის მასტერსის მოგებით აღნიშნა

21 დეკემბერი 2022

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იერუსალიმის მასტერსის მეორე საშეჯიბრო დღე ოქროს მედლით დაასრულა.  წარმატებას მიაღწია ტატო გრიგალაშვილმა, რომელმაც 2022 წელს არაერთი შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა და მსოფლიო ძიუდოს ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა.

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მომავალი ჩემპიონი შეჯიბრს მეორე წრიდან შეუდგა. წმინდა გამარჯვებები მოიპოვა უნგრელ და იტალიელ მეტოქეებთან. ნახევარფინალში ფრანგ ალფა ომარ დიალოს ორი ვაზარით გაუმკლავდა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ოქროს ქულით დაამარცხა აზერბაიჯანელი საიდ მოლაი და კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე ავიდა.

აღსანიშნავია, რომ ტატო გრიგალაშვილმა 2022 წელს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა, იერუსალიმის მასტერსის მოგებამდე კი საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გრიგალაშვილი 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარა.