რუსეთი და ბელარუსი ოლიმპიური თამაშების მაუწყებლობის უფლების გარეშე დატოვეს

18 იანვარი 2023

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) რუსეთი და ბელარუსი, 2026-2032 წლების ჩათვლით, ოლიმპიური თამაშების ევროპის მაუწყებელთა მიღმა დატოვა.

IOC-ის გადაწყვეტილების თანახმად, ევროპაში ოლიმპიური თამაშების ტელე ტრანსლაციის ყველა მედია-უფლება გადაეცა ევროპის სამაუწყებლო კავშირს (EBU) და Warner Bros. Discovery-ს (WBD).

მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა საკონკურსო ტენდერი გამოაცხადა, EBU-მ და Warner Bros. Discovery-მ 2026 და 2030 წლის ზამთრის ოლიმპური თამაშების და 2028 და 2032 წლების ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ტრანსლაციის ყველა მედია-უფლების შეძენაზე წარმოადგინეს ერთობლივი განაცხადი. ასევე მათ ხელთ იქნება ევროპის  49 ქვეყანაში ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მაუწყებლობის მედია-უფლებაც. ამ ქვეყნების შესაბამის სიაში ვერ მოხვდნენ რუსეთი და ბელარუსი.

"მოხარული ვართ, რომ გრძელვადიან შეთანხმებას მივაღწიეთ მსოფლიოს ორ მოწინავე მედიაკომპანიასთან. EBU და მისი წევრები მაუწყებლობის სფეროში უბადლო გამოცდილებას უზრუნველყოფენ და მოიცავენ მთელ ევროპას, ხოლო Warner Bros. Discovery წარმოადგენს ყველა ჟანრის და ყველა პლატფორმის მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს მედია და გასართობ კომპანიას.

ყოველივე ევროპაში ოლიმპიური თამაშების მუდმივ მიმზიდველობაზე მიუთითებს.

ვინაიდან IOC მოგების 90 პროცენტს ანაწილებს, ეს გრძელვადიანი შეთანხმება ასევე უზრუნველყოფს სპორტული მოძრაობის ფინანსურ სტაბილურობას და  თავად სპორტსმენების მხარდამჭერას," - აღნიშნავს IOC-ის პრეზიდენტი თომას ბახი.

2026 წელს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს მილანი და კორტინა დ'ამპეცო უმასპინძლებს, 2030 წლის თამაშების მასპინძელი სავარაუდოდ, 2024 წელს გამოვლინდება. რაც შეეხება 2028 და 2032 წლის ოლიმპიურ თამაშებს, მათ, შესაბამისად, ლოს ანჯელესი და ბრისბენი მიიღებენ.