ტყვიის მსროლელებმა ოსიეკეს დიდი პრიზი მოიგეს

21 იანვარი 2023

საქართველოს ტყვიის მსროლელ ქალთა ნაკრები ოსიეკეს (ხორვატია) დიდი პრიზის გამარჯვებულია. ჩვენმა სამეულმა - ნინო სალუქვაძემ, ლიზი კილაძემ და მარიამ ფროდიაშვილმა ფინალში დამაჯერებლად - 17:3 დაამარცხა უკრაინის გუნდი. ბრინჯაოს მედალი ერგო მასპინძელ ხორვატიას.

ხორვატიის დიდი პრიზი შედეგიანი გამოდგა ვაჟთა ნაკრებისთვისაც (ლევან ქადაგიძე, ცოტნე მაჭავარიანი და კაკო მოსულიშვილი), რომელმაც 10 მეტრზე პნევმატიკური პისტოლეტით სროლაში ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ბრიტანეთს 16:12 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ ხორვატიის დიდ პრიზს სარეიტინგო დატვირთვა ჰქონდა, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების მოსაპოვებლად.

რამდენიმე დღით ადრე რუსეს (სლოვენია) დიდ პრიზზე საქართველომ შერეულ წყვილებში (მარიამ ფროდიაშვილი/ცოტნე მაჭავარიანი) ოქროს მედალი, ქალთა ნაკრებმა (ნინო სალუქვაძე, მარიამ ფროდიაშვილი და ლიზი კილაძე) კი ვერცხლის ჯილდო მოიპოვა.