6 მედალი და გუნდური პირველი ადგილი

6 მედალი და გუნდური პირველი ადგილი - ასეთია საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შედეგი თბილისის გრანდ სლემზე. განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა ტურნირის ბოლო საშეჯიბრო დღე: კაცთა სამივე წონაში ქართველებმა გაიმარჯვეს და თბილისის ახალ სპორტის სასახლეში სამჯერ ააჟღერეს ჩვენი ქვეყნის ჰიმნი.
90 კგ წონით კატეგორიის ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდა ორი ქართველი ფალავანი - ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და ევროპის ჩემპიონი ლუკა მაისურაძე. ფინალამდე ლაშამ კანადელ, იაპონელ და ბერძენენ მეტოქეებს აჯობა, ლუკამ კი - ემირატელ, ისრაელელ და თურქ ძიუდოისტებს. ქართული ფინალი უაღრესად დაძაბულად წარიმართა. ბექაურმა სტარტზე ვაზაირი აიღო და დაწინაურდა. მაისურაძეს ცდა არ დაუკლია, მაგრამ მომგებიანი გდების შესრულება ვერ შეძლო და ვერცხლის მედლით დაკმაყოფილდა. ბექაურმა მეორედ გაიმარჯვა გრანდ სლემზე.
მერე ილია სულამანიძის (100 კგ) ჯერი დადგა. მან მთელი ტურნირი ჩინებულად განვლო, ზედიზედ ოთხი ბრძოლა მოიგო და საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანა. ილია ფინალში მონღოლ გონჩიგსურენ ბატხუიაგს ეჭიდავა, შუა ბრძოლაში ვაზარი აართვა, უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
ქართველთაგან მესამე ოქროს მედალს დაეუფლა მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი. მან ფინალამდე გზიდან ჩამოიცილა გერმანელი ლოსენ კონე, უზბეკი შოხრუხონ ბახტიროვი და კუბელი მსოფლიოს ჩემპიონი ენდი გრანადა. საჩემპიონო შეხვედრაში ზაალიშვილმა თურქი მუნირ ერტუგი დაამარცხა.
უფრო ადრე საქართველოს ნაკრებს თბილისის გრანდ სლემზე მედლები მოუტანეს გიორგი სარდალაშვილმა (ვერცხლი) და ლაშა შავდათუაშვილმა (ბრინჯაო).