ჯამლეტ ხუხაშვილის ხსოვნას

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრის, სეოკ-ის ორდენის კავალერის, საქართველოს სპორტის არაოლიმპიურ სახეობათა ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტის, სახელოვანი სპორტული კომენტატორის, მრავალმხრივი მოღვაწის ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს და სრულიად სპორტულ საზოგადოებას.
ბატონი ჯამლეტი ექვსი ათეული წელი მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურა ქართულ სპორტს და ოლიმპიურ მოძრაობას, როგორც სპორტსმენი, კომენტატორი, მწვრთნელი, მოღვაწე, მნიშვნელოვანი და საიტერესო ღონისძიებების ორგანიზატორი. ის იყო ქართული სპორტის ერთ-ერთი უპირველესი პოპულარიზატორი და მოამაგე, სპორტსმენთა არაერთი თაობის აღმზრდელი და თავგამოდებული გულშემატკივარი, იშვიათი პიროვნული თვისებებით და უსაზღვრო ენერგიით გამორჩეული ადამიანი.
ჯამლეტ ხუხაშვილი აქტიურად იყო ჩართული ქართულ სპორტში მიმდინარე პროცესებში, მათ შორის - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობაში. როგორც სეოკ-ის აღმასკომის წევრი, გამოდიოდა საინტერესო წინადადებებით, უძღვებოდა ჩვენს მასობრივ ღონისძიებებს, უანგაროდ ემსახურებოდა ოლიმპიურ მოძრაობას, ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა არაოლიმპიურ სახეობათა პოპულარიზაცია-განვითარებაში.
მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის.