გივი მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონია, ედემ ბოლქვაძემ კი მესამე ადგილი დაიკავა

ზაგრებში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით გამოდის, საქართველოს ჰიმნმა გაიჟღერა. ჩვენმა გუნდმა ორი მედალი მოიპოვა - ჩემპიონობა იზეიმა გივი მაჭარაშვილმა (97 კგ), ედემ ბოლქვაძე (65 კგ) კი მესამე ადგილზე გავიდა.
ევროპული თამაშების ვერცხლის და მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა მაჭარაშვილმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე დაამარცხა მოლდაველი, თურქი და უკრაინელი მოწინააღმდეგეები, გადამწყვეტ შეხვედრაში კი აზერბაიჯანელ მაგომედხან მაგომედოვს 4-3 მოუგო.
მეოთხედფინალში წაგების შემდეგ ბრინჯაოს მედლისთვის შანსი გამოიყენა 23-წლამდელთა შორის ევროპის ვერცხლის პრიზიორმა ბოლქვაძემ. რეპეშაჟის ნახევარფინალში ჯერ შვეიცარიელ მეტოქეს მოუგო, გადამწყვეტ შეხვედრაში კი რუმინელ სტეფან კომანს ბოლოს აღებული ქულის (2-2) უპირატესობით გაუმკლავდა.
ბრინჯაოს მედლამდე ნაბიჯი დააკლდა 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორს რობერტ დინგაშვილს (57 კგ), რომელიც რეპეშაჟის ფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა.
ჩვენს გუნდს მედლების მედლის მოპოვების შანსი 19 აპრილსაც ექნება. მათ შორის მძიმე წონაში ტრადიციულ დაპირისპირებას შემოგვთავაზებენ ოლიმპიური თამაშების ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი და თურქი ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ცხრაგზის ჩემპიონი ტაჰა აკგული.
ბრინჯაოს ფინალში არიან შოთა ფარტენაძე (61 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) და მირიან მაისურაძე (92 კგ).