სპორტის მენეჯმენტის კურსების პირველი სემინარი

21 აპრილი 2023

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, სეოკ-ის ინიციატივით და სოკ-ის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით ჩატარდა სპორტის მენეჯმენტის კურსების (ASMC) პირველი სემინარი.

სპორტის მენეჯმენტის კურსები გახსნა და აღნიშნული პროგრამის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა.

პროგრამის დირექტორმა, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა რუსუდან აფციაურმა სემინარის მონაწილეებს დეტალურად გააცნო სპორტის მენეჯმენტის კურსების დანიშნულება, მიზნები და მონაწილეების მხრიდან კურსების წარმატებით დასრულებისთვის აუცილებელი მოვალეობები.

მონაწილეებს აღნიშნულ თემებზე საინტერესო პრეზენტაციები წარუდგინეს სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა და მოწვეულმა ექსპერტმა თამარ კაპანაძემ.

გასული წლების მსგავსად სპორტის მენეჯმენტის საკითხები ეროვნული ფედერაციებისა და სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის დიდი ინტერესით სარგებლობს.

სპორტის მენეჯმენტის კურსები საშუალებას აძლევს სპორტულ ორგანიზაციებში, ეროვნულ ფედერაციებსა და სპორტის სფეროში დასაქმებულ სპეციალისტებს, თანამშრომლებს და მოხალისეებს აიმაღლონ კვალიფიკაცია ოლიმპიური სპორტული ორგანიზაციების მართვის სახელმძღვანელოში (MOSO) წარმოდგენილი მასალის საფუძველზე.

სპორტის მენეჯმენტის კურსები მოიცავს 6 თემას: ოლიმპიური სპორტული ორგანიზაციების მართვა, სტრატეგიული მართვა, ადამიანური რესურსების მართვა, ფინანსური მართვა, მარკეტინგი, მნიშნელოვანი სპორტული ღონისძიების ორგანიზება.

კურსი მოიცავს თითოეული თავის ზოგად პრეზენტაციას და დისკუსიას, დარჩენილი დრო კი დაეთმობა დისტანციურ სწავლებას, რომელიც გულისხმობს განხილული თემების გაცნობას და წერილობითი ანგარიშის მომზადებას.

„ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვის" („Managing Olympic Sport Organizations") სახელმძღვანელო, წარმოადგენს არსებით სასწავლო წყაროს და მენეჯმენტის თეორიული და პრაქტიკული მაგალითების ბალანსს.

6-თავიანი მოდულის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა უნდა შეაფასონ კურსის ზეგავლენა საკუთარ თავზე და მათ ორგანიზაციებზე, წარადგინონ ანგარიში კონკრეტულ თემებზე, რომელიც განხილული იქნება პროგრამის დირექტორის, კურატორებისა და სპორტის სფეროს კვალიფიციური სპეციალისტების მიერ.

სპორტის მენეჯმენტის კურსების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეები მიიღებენ უმაღლესი ხარისხის სერტიფიკატს ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვაში, რომელიც გაიცემა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ.