ლერი აბულაძემ ზედიზედ მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა, კვარცხლბეკზე ასვლა საქართველოს ნაკრების კიდევ სამმა წარმომადგენელმა შეძლო

ზაგრებში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდა - ლერი აბულაძემ ჩემპიონობა იზეიმა. კვარცხლბეკზე ასვლა საქართველოს ნაკრების კიდევ სამმა წარმომადგენელმა შეძლო.
ლერი აბულაძე (63 კგ), რომელიც ზაგრებს ევროპის ჩემპიონის რანგში ეწვია, იგივე შედეგს მიაღწია.
აბულაძე შეჯიბრს მეოთხედფინალიდან შეუდგა. 9-1 დაამარცხა თურქი მეჰმეტ ჩეკერი, ნახევარფინალში ასევე იოლად 11-2 გაუმკლავდა ბულგარელ აბუ ამაევს, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი აზერბაიჯანელ ტალეჰ მამადოვს 5-1 მოუგო და ზედიზედ მეორედ გახდა კონტინენტის საუკეთესო ფალავანი.
ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატების სამივე სინჯის და ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების მფლობელმა ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ). მომავალმა პრიზიორმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში სომხეთის წარმომადგენელი რუდიკ მკრტჩიანი 9-0 დაამარცხა.
ბრინჯაოს მედლის შანსი ასევე წარმატებით გამოიყენა ლაშა გობაძემ (87 კგ). მსოფლიო ჩემპიონატების ოქროს და ორი ბრინჯაოს და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელმა გადამწყვეტ შეხვედრაში 3-0 მოუგო აზერბაიჯანელ ისლამ აბასოვს.
შედეგიანი გამოსვლა ჰქონდა იაკობ ქაჯაიას (130 კგ). ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორმა, მსოფლიო ჩემპიონატების ორი ბრინჯაოს მფლობელმა, ევროპული თამაშების ჩემპიონმა მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლაში ბოლოს აღებული ქულის უპირატესობით (1-1) დაამარცხა რუმინელი ალინ ალეკსუს ჩურარიუ.